სიახლეები

აბიტურიენტობის ფასი

19.03.2014 • 2585
აბიტურიენტობის ფასი

ლალი ანთიძე მოსწავლეებთან ერთად

ანას მსგავსად ბევრი აბიტურიენტი ემზადება კერძო მასწავლებლებთან. რამდენიმე აბიტურიენთან გასაუბრების შედეგად  აღმოჩნდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტის მომზადება  ერთი წლით  2500-6000 ლარამდე უჯდებათ  მათ ოჯახებს. ფასს კერძო მასწავლებლების კვალიფიკაცია და პოპულარობა განსაზღვრავს.

იმ აბიტურიენტების აზრით, რომლებიც კერძო მასწავლებლებთან მეცადინეობენ, ცოდნა, რასაც მოსწავლეს სკოლა აძლევს, არ არის საკმარისი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ,,სკოლაში რთულია მიიღო მთელი ინფორმაცია, კლასში ხშირად შეუძლებელია ინდივიდუალური გამოკითხვა, აი, მაგალითად, მე ერთ მასწავლებელთან მარტო ვზივარ და ის მთელ ენერგიას ჩემთვის გაკვეთილის ახსნას და ცოდნის გადმოცემას ანდომებს. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია”. – ამბობს ინეზა მამალაძე.

როგორც აბიტურიენტებთან საუბარში გამოიკვეთა, ისინი კერძო რეპეტიტორებს მათი შედეგების მიხედვით არჩევენ – ,,გავიკითხე მისი ყოფილი მოსწავლეებიდან რამდენმა ჩააბარა, გრანტი რამდენმა აიღო და ასე შევარჩიე მასწავლებელი“ – გვითხრა 17 წლის  ელზა გელაძემ.

ხშირად აბიტურიენტები იმ მასწავლებლებთან ემზადებიან, რომლებიც სკოლაშიც ასწავლიან, მათი თქმით, მასწავლებლებს ეფექტური მუშაობის ტექნიკა აქვთ, მაგრამ სკოლის პირობებში შეუძლებელია თითოეულ მოსწავლეს მისცენ   ის ცოდნა,  რასაც ინდივიდუალურად მეცადინეობის პირობებში მოახერხებენ.

ქართული ენის ფილოლოგი ნინო სურმანიძე ამბობს, რომ 45 წუთი ძალზედ მცირე დროა იმისთვის, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს ძველი მასალის გახსენებაშიც დაეხმაროს და ახლიც სრულად მიაწოდოს და თან მაშინ, როცა კლასში ბევრი მოსწავლეა.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე ამბობს, რომ მას ხშირად მიმართავენ თხოვნით მოამზადოს აბიტირიენტები ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში, თუმცა თავად თვლის, რომ უნარების სწავლება არ შეიძლება. მისი თქმით, უნარები თანდათან უნდა გამოუმუშავდეს ადამიანს, ოჯახიდან, სკოლიდან ყოფითი ცხოვრებიდან და სე შემდეგ, მას კი მხოლოდ გარკვეული ტექნიკის, ტესტების სტრუქტურის, დროის სწორად გადანაწილების და მსგავსი დეტალების სწავლება შეუძლია.

„თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას სკოლებში დანერგილი აქვს ლოგიკისა და ფილოსოფიის გაკვთილები, ეს აუცილებელია ზოგადი ცოდნის მისაღებად და თუ კი ჩვენი განათლების სისტემაშიც მოხდება ამის დანერგვა, მე დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს რეპეტიტორების სისტემის ჩამოშლას”. – ამბობს ლალი ანთიძე.

მისივე თქმით აბიტურიენტების დონემ ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში საგრძნობლად აიწია მას შემდეგ, რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო, რადგან მოსწავლეებმა დაიწყეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა  – ,,წარმოიდგინეთ, მე მიწევდა ატომის შესახებ საუბარი და ამაზე დროის კარგვა, ახლა უკვე აღარ დგას ეს პრობლემა.”

არიან აბიტურიენტები, რომლებიც საერთოდ არ ემზადებიან კერძო მასწავლებლებთან. „არც ოქტომბრის საატესტო გამოცდებისთვის მოვმზადებულვარ კერძო მასწავლებლებთან და არც ახლა ვემზადები რომელიმე საგანში, მე დარწმუნებული ვარ ჩემ ცოდნაში, რაც სკოლიდან მივიღე და ეჭვი არ მეპარება, რომ შევძლებ თავი გავართვა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს. პირიქით, მე თვითონ მყავს ათამდე მოსწავლე, რომლებსაც ინგლისურში ვამეცადინებ” – ამბობს 17 წლის ანა კოსტავა, რომელიც ერთი წლის შვილის დედაა და ამჟამად გაზეთ ,,ბათუმელების“ მოხალისე რეპორტიორადაც მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: