სიახლეები

რას ამბობენ სტუდენტები სტალინზე

19.03.2014 • 4006
რას ამბობენ სტუდენტები სტალინზე

 

 

აკაკი მოწყობილი: სტალინი ჩემთვის ასოცირდება ისეთ ადამიანთან რომელმაც არამარტო საქართველო და საბჭოთა კავშირი არამედ მსოფლიოც უკან დასწია. სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანისათვის ის დღემდე გმირად რჩება, მოსწონთ მისი სიძლიერე, მისი იდეები სუპერ სახელმწიფოს შესახებ, მე ვფიქრობ მსგავსი შეფასება გაუმართლებელია. გასაგებია რომ ყველა იმპერია ძალადობას ეფუძნება, ყველა ასეთი წარმატება სისხლთან ასოცირდება, თუმცა ჩემთვის მიუღებელია.  იმ ეპოქაში ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლობის მსხვერპლი გახდა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმს. გმირად როგორ უნდა მიიჩნიო ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი არ გაუკეთებია.

სალომე ლორთქიფანიძე: სტალინი დიდი ბელადია, პიროვნება რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყოფილიყო ერთადერთი. მე არ მომწონს მისი ქცევა, თუმცა მისი შეხედულებით ის მსოფლიო მბრძანებელი უნდა ყოფილიყო, ამის გათვალისწინებით, შესაბამისად მოქმედებდა. რამდენად შეძლო – დავინახეთ, პირადად მე არ მომწონს სტალინი.

ალექსანდრე ცაგარელი: არ ვიტყვი იმას, სტალინი ჩემთვის კარგი იყო თუ ცუდი, მხოლოდ გეტყვით, რომ ჩემთვის სტალინი არის იმ ეპოქის ადეკვატური სახე, სხვანაირად იმ ეპოქაში და გარემოში წარმოუდგენელი იქნებოდა. ცხოვრების დონემ აშკარად მოიმატა მის პერიოდში, მოიგო სამამულო ომი, განუვითარებელი ქვეყანა აქცია სუპერსახელმწიფოდ. რეალურია, რომ არსებობდა მისი პიროვნული კულტი, ის წარმოადგენდა რევოლუციის იდეებს, ის იყო კომუნისტი და ხალხს ეს ახსოვდა, ბავშვობიდანვე აყვარებდნენ ყველას სტალინს და ბუნებრივია, რომ დღემდე უყვართ, რასაც ბავშვობაში ამ გზით გაყვარებენ, მერე ვეღარ გადაიყვარებ.

მარიამ ნიკურაძე: მე ვფიქრობ სტალინი დესპოტია, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომავალი ისტორიკოსი ვარ, უკვე მეორე კურსზე ვსწავლობ, ჯერ არ აღმომიჩენია სტალინის დადებითი თვისებები, უარყოფითი პერსონაა. ადამიანებს ასახლებდა, ხვრეტდა, რამდენი ადამიანი დახვრიტა მატარებელში… არ მესმის, როგორ შეიძლება მოგწონდეს სტალინი, თუმცა ჩვენ საზოგადოებაში ის მოსწონთ.

ლევან დუაძე: სტალინი ნიჭიერი ადამიანი იყო. როგორც ვიცი, პირადი არაფერი გააჩნდა, როგორც მოხელე, ისე მუშაობდა. არ ვიცი, შეიძლება ფიქრობდა, რომ რაღაც მაღალი სიკეთისთვის იბრძოდა, თუმცა მისი საშუალებები ვერანაირ მიზანს ვერ ამართლებს. საბჭოთა კავშირში ღმერთი არ იყო, ამიტომ აღმერთებდნენ სტალინს, ის იყო ღმერთის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ასე ზრდიდნენ მაშინ თაობებს, ამიტომაც უყვართ, დღევანდელ თაობას კი არ უყვარს.

თიკა ლორთქიფანიძე: რთულია, მარტივად ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ძლიერი პიროვნება იყო, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს. რა თქმა უნდა, ის ჩემთვის გმირი არ არის, გმირი არავისთვის არ უნდა იყოს, რადგან დიქტატორი იყო. სტალინმა რაც შექმნა, ყველაფერი სწორედ მისი ამ თვისების გამო მოხდა. თუმცა მომწონს მისი სიძლიერე, ბევრი რამის აღება შეიძლება მისგან.


ლევან ჩოგაძე:
სტალინი ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა, მუჭში ყავდა მთელი საბჭოთა კავშირი, ერთი ქართველი რომ ამას მოახერხებს ეს დიდი მიღწევა იყო. დღევანდელი გადასახედიდან ის რეჟიმი რათქმაუნდა არ არის მოსაწონი, არც მე არ მომწონს რომ ისეთი რეჟიმი იყო, თუმცა თუ ვიმსჯელებთ, ამ რეჟიმის შემქმნელი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, სწორედ ეს მომწონს სტალინში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: