„მე ვალდებული ვარ პატივი ვცე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, ამიტომ არ ვიზიარებ მას. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, პატივს ვცემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას“, -განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
დღეს, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, დარბაზში მსხდომთ მოსამართლემ თავად უთხრა, რომ მისი განკარგულება, რომლის საფუძველზე ადვოკატი ირაკლი შავაძე ასი ლარით დააჯარიმა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა. მოსამართლემ ადვოკატი იმის გამო დააჯარიმა, რომ მან მოწმეს დაკითხვის პროცესში რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – „შენ“.