Batumelebi | სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ – Batumelebi
RU | GE  

სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო”  შეიქმნა. მისი დამფუძნებლები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა იდეის განხილვასა თუ წინადადების მიღებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან შეთანხმებით აპირებს. 

რატომ ისწრაფვიან სტუდენტები ხელისუფლებისკენ და შეძლებენ თუ არა ისინი პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავდაცვას? “ბათუმელები” ორგანიზაციის ორ წევრს –  გიგა ფარტენაძესა და თამარ სურმანიძეს ესაუბრა.

 რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ორგანიზაციისთვის “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” დაგერქმიათ, ვისგან მოდის იდეა?

გიგა ფარტენაძე: იდეა საიას ერთ-ერთ იურისტს ეკუთვნის. რადგან ავტონომიური რესპუბლიკა გვაქვს, გვყავს ჩვენი მთავრობა, შეგვიძლია საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და ცვლილების შეტანა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა იმავე პრინციპებზე დაყრდნობით აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო და აქცენტი გადაგვეტანა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენი მიზანია 16-იდან 24 წლამდე ახალგაზრდების გაერთიანება და მათი მეშვეობით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.

 როგორ არჩევთ წევრებს?

პროექტში 30 ახალგაზრდა უნდა შეირჩეს. პირველ ეტაპზე ონლაინაპლიკაციებით მიმდინარეობს შერჩევა, შემდეგ კი სპეციალური კომისია გაესაუბრება ამ პირებს. სპეციალურ კომისიაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მისამართით ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ის უფუნქციო ორგანოა. როგორ ფიქრობთ, ამ უწყებასთან თანამშრომლობა რამდენად შეუწყობს ხელს თქვენს განვითარებას?

ვიცით, რომ ათი კაციდან ხუთმა არ იცის რას აკეთებს უმაღლესი საბჭო, ამიტომ გვინდა მისი პოპულარიზაცია… თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ახალგაზრდები სხვაგან კი არ უნდა წავიდნენ, უნდა დარჩნენ ამ ქალაქში და გახდნენ დეპუტატები. ჩვენ ხშირად ჩავდივართ ჩაქვში, უმაღლეს საბჭოში და იქედან გარკვეულ მესიჯებს ვიღებთ, რომელიც ჩვენს პროექტს მოერგება. ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი შშმ პირებთან და ვაპირებთ, რომ უმაღლეს საბჭოსთან ერთად ვიმუშაოთ მათი უფლებების დაცვაზე.

 საქართველოში ხშირია პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტურ თვითმმართველობების იყენებს საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოდან წამოღებული “მესიჯები” არ ქმნის იმის საფრთხეს, რომ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ მოექცევით, მით უფრო, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის?

თამარ სურმანიძე: ჩვენ ვაპირებთ მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და არა მათი იდეოლოგიის გატარებას. რომ არ ვიყოთ პოლიტიზებული, ამიტომ ვაპირებთ საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

  საკონსულტაციო საბჭოში ხომ დეპუტატები იქნებიან?

იქნებიან ლექტორები და პროფესორებიც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი საიას გარდა კიდევ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა. ეს გვაძლევს იმედს, რომ საბჭო არ იქნება მიძინებული.

 საკანონმდებლო ინიციატივები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭო რამდენად შეძლებს თქვენი იდეების რეალიზებას?

ჩვენი პროექტის მიზანი მარტო ინიციატივები არ არის, ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდები გვინდა გავააქტიუროთ და ტრენინგები ჩავუტაროთ, თუნდაც გენდერზე. ჩემი მეგობარი იყო ხულოში, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ატარებდა ტრენინგს მოსახლეობაში. შეხვედრაზე მარტო მამაკაცები მივიდნენ. სად არიან ქალებიო, როცა იკითხა, აქ ქალებს რა უნდაო _ გაიკვირვეს მამაკაცებმა. ქალსაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლება და თუნდაც ამ დოგმების შეცვლას სჭირდება მუშაობა.

ვისგან იღებთ ფინანსურ დახმარებას, ტრენინგების ჩასატარებლად ხომ თანხა დაგჭირდებათ?

გიგა ფარტენაძე: მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან. ვაპირებთ ჩვენი წინადადებები შევთავაზოთ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”. ვფიქრობთ, ამ წყაროებიდან მიღებული დაფინანსება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რეგიონებში გავიდეთ და ტრენინგები ჩავატაროთ.

P.შ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განცხადებით, “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს”  დაარსებაში, საიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე