სიახლეები

„უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას“

14.03.2014 • 1366
„უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას“

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელიც წინა კონკურსზე საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე ვაკანსიის გაუქმებით, კანონი არ დარღვეულა.

 

„ჩვენ გვქონდა სტილისტ-რედაქტორის თანამდებობა და კიდევ რამელიღაც ვაკანსია, მაგრამ გაუქმდა ეს ვაკანსია და გადაწყდა, რომ კონკურსი გამოცხადებულიყო მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და კიდევ ბუღალტერის ვაკანსიაც დაემატა. მოთხოვნები არ შეცვლილა“ – აცხადებს იგი.

 

სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული იყო  – „ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში ან ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სპეციალობის მიხედვით“.  

 

„მე  სპეციალობის მიხედვით მაქვს სამუშაო გამოცდილება და არა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.  ჩემი პრივილეგია  სწორედ ეს იყო. რადგან ვაკანსია შეცვალეს, მათ ავტომატურად შემიზღუდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება, რაც ჩემი უფლებების დარღვევაა“ – აცხადებს ლელა ნემსაძე. კონკურსის შედეგები სწორედ მისი პრეტენზიის საფუზველზე გაბათილდა.

 

 დაარღვია თუ არა აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვაკანსიების შეცვლით კანონი? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის იურისტ მიმართა. 

 

იურისტ ანა ბერძენიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო დებულებაში შევა ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს, რომ უნდა გაუქმდეს სტილისტ-რედაქტორის ვაკანსია და დარჩეს მხოლოდ მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, კონკურსანტს, რომლის საპრეტენზიო განაცხადის შედეგადაც ჩაიშალა კონკურსი, რეალურად აღარ ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ახალ კონკურსში.

 

„ირღვევა მოქალაქის შრომის უფლება და აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას.  კონკურსანტს განაცხადი შეტანილი ჰქონდა სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე, რომლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა ან საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება ან სპეციალობის მიხედვით მუშაობის გამოცდილება, ამ მოქალაქეს კი გააჩნდა მხოლოდ სპეციალობის მიხედვით მუშაობის გამოცდილება. ამ ვაკანსიაზე მისი კონკურენტი იყო მარინე კუპრეიშვილი, რომელიც ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობას ასრულებდა. მიგვაჩნია, რომ ვაკანსიებთან დაკავშირებით ცვლილება მიზანმიმართულად ხდება, რომ მარინე კუპრეიშვილმა შეინარჩუნოს თანამდებობა. ლელა ნემსაძეს კი, რომელმაც კონკურსის შედეგები გააპროტესტა, ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების შანსი ეკარგება. გამოდის, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აზრს იყო მოკლებული მის მიერ კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება“.

 

 როდის გამოცხადდება კონკურსი უმაღლეს საჭოში ახალი ვაკანსიების დასაკავებლად, ამ დროისთვის უცნობია.          

                                                  

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: