სიახლეები

ჩანაწერები ციხიდან – ყვავი

12.03.2014 • 1458
ჩანაწერები ციხიდან – ყვავი

 

ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ქონდა, არც უბანავია არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ თავს იგიჟიანებსო.

 

 დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე ეძინა მიწაზე, როცა ციოდა ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა ასეთ ცეცხლს ისეთი კვამლი ადიოდა, სულ გაშავებული ქონდა სახე, თმა, წვერი, ტანსაცმელი, ყვავიც ამიტომ შეარქვეს.

 

 ზონის ეზოში დიდი ნაგავის ბუნკერი იდგა, საჭმელს იქ ჭამდა, ჩამოჯდებოდა ბუნკერის კიდეზე ამოქექავდა პურის ნატეხებს, ძვლებს, საზამთროს ქერქები უყვარდა განსაკუთრებით და თუ რამეს ნახავდა საინტერესოს, დააწყობდა ბუნკერის კიდეზე და იქვე ჭამდა იმ საშინელ სუნში, რომელიც კვირაობით გაუტანელ ნაგავს ადიოდა, ჭამდა და თან იღიმებოდა თან თავისთვის ლაპარაკობდა, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა ეტყოდა რესტორანში ვზივარო.

 

დადიოდა ყვავი ეზოში და თავისთვის სახელსა და გვარებს ამბობდა გაუთავებლად, შეეძლო ასობით სახელი და გვარი ეთქვა მიყოლებით, თან ერთი და იგივეს არ გაიმეორებდა. როცა ვიკითხე რატოა ესეთ დღეშითქო, საინტერესო ისტორია მომიყვეს:

 

ყვავი ადრე „პრესავშიკად მუშაობდა“ ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში. თვითონ პოლიციელი არ იყო, უბრალოდ იმ უბნელი და დაახლოებული პირი იყო გარკვეული ინტერესების გამო, რომელსაც ეძახოდნენ, როცა ვინმე გასატეხი და ასალაპარაკებელი იყო. ასობით კაცი ყავდა ნაწამები, ერთხელაც პოლიციელებს ბიჭი შემოაკვდათ ცემაში, საქმე ვერ ჩაფარცხეს და ყვავი გაწირეს.

 

 ზონაში ყვავი იცნეს. ან როგორ უნდა დავიწყებოდათ. თავიდან სცემდნენ, ჯავრი იყარეს, შემდეგ თავი მოიგიჟიანა და შეეშვნენ. ჰოდა დადიოდა ყვავი ზონაში და გაუთავებლად იმეორებდა სახელსა და გვარებს.  

 

„ყვავი“ – ყოფილი პატიმრის, მანუჩარ მეგრელიშვილის ჩანაწერია, რომელმაც ციხეში 15 წელი გაატარა. 2013 წელს მანუჩარი ლიტერატურული კონკურსის – „ასი სიტყვა“ – გამარჯვებული გახდა წერილით, რომელიც მან ციხიდან მეგობარს გაუგზავნა.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: