მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

24.03.2017
მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. „მითხრა, რომ სხვა ეკიპაჟმა დააფიქსირა დარღვევა, მას გადმოსცეს ინფორმაცია და მტკიცებულება არ ჰქონდა. თავი ძალიან შეურაცხყოფილად და დაუცველად ვიგრძენი, როდესაც პატრულ-ინსპექტორი უსაფუძვლოდ მადანაშაულებდა, თუმცა, სიტუაციის გამწვავება და შვილებისთვის საახალწლო განწყობის გაფუჭება არ მსურდა, ქვითარი ჩავიბარე“, – გვიყვება ქეთი პაპავა.

მოქალაქემ თავდაპირველად ჯარიმა საპატრულო პოლიციაში გაასაჩივრა, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე 22 თებერვალს უარი უთხრეს. ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს ქეთი პაპავამ.

„საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა პატრულ-ინსპექტორის ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი ვერ იქნა. ყოველგვარი ეჭვი კი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს,“ – აღნიშნა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ.

რამდენად იცვლება სასამართლო პრაქტიკა, როცა აქამდე სასამართლო ძირითადად პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობოდა? – პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც სასამართლოში ქეთი პაპავას ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა და სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპზე აკეთებს აქცენტს. „მხოლოდ პოლიციელის ჩვენება აღარაა მთავარი მტკიცებულება მოსამართლისთვის“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

ქეთი პაპავა მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ: „პირველ რიგში, მსურდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მინდა, რომ მიუხედავად დღევანდელი მოუცლელი ცხოვრების რეჟიმისა, მოსახლეობას არ დაეზაროს და გაასაჩივრონ უსაფუძვლო ჯარიმები. ვიმედოვნებ, საპატრულო სამსახური მეტად გადახედავს მუშაობის სტილს და შედეგად უკეთ მოამზადებს ან გადაამზადებს თანამშრომლებს. შედეგად კი, დაიბრუნებენ მოქალაქეთა ნდობასა და კეთილგანწყობას, რაც დროთა განმავლობაში იკარგება.“

სამართალდარღვევის საქმეზე ნებისმიერი დავა სასამართლოში უფასოა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: