სასამართლო სხდომას დღეს მოქმედი ბორდის მხოლოდ 6 წევრი ესწრება. ერთ-ერთი მათგანის, ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, სარჩელს ხელს არ აწერს, მაგრამ სარჩელს ეთანხმება ბორდის კიდევ ერთი წევრი ნინო დანელია, რომელიც ამჟამად ამერიკაშია.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართელოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
„ძალიან იჩქარა პარლამენტმა. არ გაითვალისწინა ექსპერტების რეკომენდაცია, არც ეუთოს რეკომენდაცია, დაარღვია როტაციის პრინციპი ჯერ კიდევ ზაფხულში მიღებული ცვლილებების საფუძველზე. არც ეს იკმარა და ნოემბერში არაკონსტიტუციური შესწორება მიიღო გარდამავალ მუხლში, რითაც ფაქტობრივად სამეურვეო საბჭო დატოვა საკონსულტაციო უფლებით, აჭარის ტელევიზია ფაქტობრივად დარჩა ბიუჯეტის გარეშე “, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ გოგუაძემ.
ბორდის წევრებს მიაჩნიათ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის #833 -რს და 20 ნოემბრის რს -1628 საქართველოს კანონების რიგი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექსების მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას, შეჩერდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილება შეუჩერდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის იმ ახალ 4 წევრებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აირჩია პარლამენტმა.
ახალი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი ბორდის დაკომპლექტების შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ არ გამოიყენა, როცა პარლამენტს კენჭისყრაზე არ წარუდგინა 3 კანდიდატურა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. პარლამენტის უმრავლესობამ ასევე მხარი არ დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.