ცნობილია შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციების გადარჩევა-შეფასებას გულისხმობდა, 31-დან 17-მა აპლიკანტმა გადალახა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, 2014 წლის 27 იანვარს განიხილა შემოსული განაცხადების შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს.
კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება, 31 იანვარს, 12.00 საათზე ქალაქ ბათუმში, მასწავლებელთა სახლში (განათლების ფონდი) გაიმართება. მასწავლებელთა სახლის მისამართია ბაგრატიონის ქ.N121-ში. კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.