სიახლეები

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადლიის ბაზაზე

22.01.2014 • 1308
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადლიის ბაზაზე

 

“ადლიას ბაზაზე 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ყაზარმაში მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ვენტილაცია და ახლით შეიცვალა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა კაფელ-მეტლახი, შეიცვალა მილგაყვანილობა, ჩატარდა სამღებრო და შესაბამისი თანმხლები სარემონტო სამუშაოები; სასწავლო კლასები ახალი ინვენტარით აღიჭურვა; მოწესრიგდა ბაზის ტერიტორიის გარე განათება და შემოიღობა სამხედრო ნაწილის მთლიანი პერიმეტრი. მიმდინარეობს სამხედრო ნაწილის გაზიფიცირების სამუშაოებიც” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა, ასევე დასრულების სტატდიაშია საქვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. “განახლდა ასევე ის შენობა, რომელიც დღეს ინგლისური ენის კლასებს მასპინძლობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც. მთავარია თავსებადობა არის იმ კუთხით, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებიან უკეთეს პირობებში. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს. ყველა ბაზაზე შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს ჩვენს ჯარისკაცებს მისცეს თავისი ფუნქციის – ქვეყნის დაცვის განხორციელების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი” – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ 100-ზე მეტი მცირე და მასშტაბური სამშენებლო პროექტი განახორციელა. სამუშაოების ძირითად ტიპოლოგიას ყაზარმების, შტაბის, სასადილოების, ლაზარეთის, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი კორპუსების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება

გადაბეჭდვის წესი