ნეტგაზეთი • RU

კონკურსანტებთან გასაუბრება აჭარის ტელევიზიაში

 

„ვინ ვის წინაშეა პასუხისმგებელი ტელევიზიაშია“, „როგორ უნდა აიცილო თავიდან მთავრობის პიარი და როგორ მოახერხებ იმას, რომ მისი საქმიანობის დაბლოკვა არ გამოგივიდეს“, „რას ფიქრობთ ტელევიზიის თანამშრომლების დასჯისა და წახალისების რა ფორმაა უმჯობესი“, „როგორ აპირებ შიდა კონკურენციის გაზრდას“ –  ეს იმ კითხვების  ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დღეს კონკურსანტ ირინა ყურუას კომისიის წევრებმა დაუსვეს. 

 

თინათინ დვალიშვილმა, რომელიც კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელია და საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრია, ირინა ყურუას დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობაში საგანგებო ბრიფინგია, მაგრამ თქვენთვის თემა, რაზეც ბრიფინგს ატარებენ უცნობია, ამის პარალელურად უკიდურესად სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლიდან ასახლებენ, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრება, სად გაუშვებ პირდაპირი ჩართვის აპარატს, რომელიც ტელევიზიას ერთი აქვს.   ყურუამ უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ირინა ყურუასთან გასაუბრება, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

 

სოსო სტურუამ  – ტელევიზიის დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა რომ კონკურსს ერთი მონაწილე, ნიკოლოზ ტუღუში გამოეთიშა, რადგან მან მუშაობა აჭარის მთავრობაში დაიწყო. დღეს ჟიური კონკურსის 10 მონაწილეს მოუსმენს. ტელევიზიის ოთხი ახალი თანამშრომლის ვინაობა ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. თუმცა ტელევიზიის დირექტორი არ გამორიცხავს რომ ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური დარჩეს.   

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსის კომისიის წევრები არიან: ემზარ დიასამიძე – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ომარ ბერიძე –  აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამშემწე მონიტორინგის დარგში და თინათინ დვალიშვილი –  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუაა.  გასაუბრებას  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

საკონკურსო კომისიის გასაუბრება ირინა ყურუასთან

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა