სიახლეები

დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის

02.01.2014 •
დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის

 

 

ტრენინგ კურსის პირველ ციკლში, ახალგაზრდები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას დემოკრატიის ცნებისა და ძირითადი ღირებულებების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლიანი მმართველობის, ტოლერანტობის კულტურის, გენდერული თანასწორობის და სამოქალაქო აქტივობის ფორმების შესახებ. 

 

გარდა თეორიული კურსისა, ჩატარდება ასევე სასწავლო ტური, რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ეროვნული უმცირესობათა სათვისტომოების, რელიგიური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და მათთან დიალოგის რეჟიმში განიხილავენ დემოკრატიის ძირითად გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ტრენინგ კურსის მეორე ნაწილი კი მთლიანად დაეთმობა თანამედროვე ხელოვნების ნოვაციური ფორმის ,,თხრობითი პერფომანსები“-ს (storytelling) მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკის შესწავლას. 

 

ახალგაზრდებს დეტალურად განემარტებათ „სთორთელინგის“ ყველა ძირითადი ასპექტი: სფეროების მიხედვით კონკრეტული ისტორიების დამუშავების წესები, სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდების სპეციფიკა, მეტყველების კულტურა, თხრობის პროცესში ემოციების მართვის წესები და აუდიტორიასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები. ტრენინგის მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული სავარჯიშოები, ისინი მოამზადებენ კონრეტულ ისტორიებს და დაეუფლებიან თხრობის ტექნიკას. ამდენად, ტრენინგის პირველი ნაწილით ახალგაზრდები დემოკრატიის შესახებ აიმაღლებენ საკუთარ ცნობიერებას, ხოლო მეორე ნაწილში შეისწავლიან იმ მეთოდიკას, თუ როგორ გარდაიქმნან, უკვე ინფორმაციის მიმღებიდან მიმწოდებლებად და „სთორთელინგის“ მეთოდით დემოკრატიის გამავრცელებლებად. 

 

ტრენინგ-კურსის პირველ ეტაპს გაუძღვებიან ფილოსოფიის, პოლიტოლოგიისა და სამართლის, ხოლო მეორე ეტაპს საჯარო გამოსვლის და მეტყველების კულტურის სპეციალისტები. დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ კურსის გავლის შემდგომ, მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ გაერთიანდნენ „დემოკრატიის მთხრობელთა დასში“, რომელიც მოამზადებს „თხრობითი პერფომანსების პროგრამას“, სადაც მოცემული იქნება მხატრული სახით დამუშავებული დემოკრატიის ისტორიები საერთაშორისო პრაქტიკიდან, აღნიშნული პროგრამის საფუძველზე, დემოკრატიის მთხრობელთა დასი ბათუმში საჯარო და კერძო სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში გამართავს თხრობით პერფომანსების ციკლის. 

 

ტრენინგ კურსი ტარდება ორგანიზაცია ,,ბორჯღალის“ მიერ, ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის“ ფარგლებში.

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეები (CV) უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: tsialakatamidze@gmail.com არა უგვიანეს 12 იანვრისა, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს ციალა ქათამიძეს. ტელ: 598 55 29 57; 557 963 789; 591 051 341

გადაბეჭდვის წესი