მთავარი,სიახლეები

რა მოთხოვნებს უყენებს სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველებს

25.12.2013 • 3145
რა მოთხოვნებს უყენებს სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველებს

დირექტორობის კანდიდატს, რომელიც გადალახავს გასაუბრებას, უფლება აქვს მიმართოს განათლების სამინისტროს განცხადებით და მომავალი არჩევნებისთვის სკოლის დირექტორობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, სამინისტრო თავის მხრივ სკოლას წარუდგენს დირექტორობის კანდიდატებს, რომელთაგანაც სკოლის დირექტორის შერჩევის უფლებამოსილება სკოლის სამეურვეო საბჭოს აქვს.

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა თამთა კვარაცხელიამ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი ტესტირება გასულ წელს ჩააბარა, თუმცა გასაუბრების ეტაპი მიმდინარე წელს გაიარა. მისი შეფასებით, გასაუბრება პოზიტიურ გარემოში წარიმართა:

„პირველად გასაუბრებაზე ექვსი წლის წინ გავედი, მაშინ დასავლეთ საქართველოში მოქმედი ყველა სკოლის დირექტორი ბათუმში გადიოდა გასაუბრებას. იყო სრული ქაოსი და არაორგანიზებულობა. მაშინ ბევრი დირექტორის უფლება დაირღვა. კომისიის წევრი, მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენი უფლებები უნდა დაეცვა, გასაუბრებიდან საერთოდ წავიდა, რის გამოც დღემდე უჩივიან მას დირექტორები.

ამ შემთხვევაში სიტუაცია იყო განსხვავებული. გასაუბრების ლიმიტი იყო განსაზღვრული და არც კონკურსანტებს უწევდათ დიდხანს ლოდინი. ობიექტური მიზეზების გამო, გასაუბრების გადადება როცა მოვითხოვე, არც აქ შეუქმნიათ პრობლემა“.

როგორც თამთა კვარაცხელია ამბობს, გასაუბრებას ხუთი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათი ვინაობა კონკურსანტისთვის ცნობილი არ იყო.„კითხვის დასმის დროს იყვნენ კორექტულები და რაც მთავარია იყო აქტიური მოსმენა. პრინციპში ყველას ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ“.

თამთა კვარაცხელიას თქმით გასაუბრებაზე დასმული კითხვები შემდეგ საკითხებს შეეხებოდა: როგორ წარმოუდგენიათ დირექტორებს სკოლის მომავალი; რა მდგომარეობა აქვთ სკოლაში; როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ სასურველ მომავალს და ა.შ

„აქცენტი ძირითადად დირექტორის პიროვნულ თვისებებზე იყო გატანილი. მაგალითად იმაზე, როგორი საუბრის მანერა ჰქონდა კონკურსანტს, რა ასაკის იყო, როგორ აკონტროლებდა ემოციებს და ა.შ.” თამთა კვარაცხელიას აზრით, ამ კრიტერიუმებით დირექტორის შეფასება მისაღებია:

„ერთი შეხედვით ძალიან სუბიექტურია ეს ყველაფერი, მაგრამ სკოლის დირექტორი რომ ნორმალურად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, ეს ცხადია. კონკურსზე მარნეულიდან იყო ახალგაზრდა კაცი, სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას. “

კონკურსანტების განცხადებით, კომისიის წევრები ფსიქოლოგებიც იყვნენ, რომლებსაც სწორედ პიროვნულ თვისებებზე დაყრდნობით უნდა განესაზღვრათ, ვინ შეძლებს სკოლის მართვას. „შუა გასაუბრების დროს შემოვიდა მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რომელიც პრაქტიკული საკითხებით დაინტერესდა.

მკითხა, მომიყევით, როგორ გადაჭერით ბოლო კონფლიქტი, რომელიც სკოლაში მოხდა? თუ ვერ გადაჭერით რატომ? მნიშვნელოვანი იყო რაში ვხედავდი მე, ჩემს პიროვნულ ნაკლს ან ღირსებას“.

კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელიც გასაუბრებაზე გავიდა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაშია. „ვსაუბრობდით სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არ ყოფილა კონკრეტული კითხვა, რომელსაც კონკრეტული პასუხი აქვს. აქცენტი იყო პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. ჩვენი საუბარი განსაზღვრავს, თუ როგორ გვესმის სკოლა და მისი განვითარება“.

გასაუბრების ეტაპზე გადავიდა ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძეც. მისი თქმით, გასაუბრება დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა და ძირითადად სკოლის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე კეთდებოდა აქცენტი.

„ჩემს სკოლაში ინკლუზიური სწავლებაა და იყო კითხვები ამ მიმართულებით. მეტი ყურადღება დავუთმე განათლების საკითხებზე საუბარს. შედეგები არ არის ჯერ ცნობილი, ვნახოთ როგორ შეაფასებენ ჩემს საუბარს“.

საზოგადოების რომელ მოლოდინს ვერ ამართლებს სკოლა და როგორ ხედავთ მომავალს? – გასაუბრების დროს ამ კითხვასაც სვამდნენ.

გივი ხალვაშის აზრით, საზოგადოება სკოლისგან სწავლების და აღზრდის მაღალ ხარისხს მოითხოვს. „როდესაც ბავშვებს უხდებათ რეპეტიტორებთან სიარული, ეს იმას ნიშნავს რომ მოლოდინი გამართლებული არ არის“. თუმცა, რესპონდენტი დასძენს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სკოლის დირექტორებს ნაწილობრივ შეუძლიათ:

„კარგი მასწავლებლებით სკოლის დაკომპლექტებით შეიძლება მდგომარეობის შეცვლა, მაგრამ რატომ არ ხერხდება, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ამ შემთხვევაში დავასახელებ მხოლოდ ერთს, კვალიფიციური კადრების დეფიციტს“.

ნუგზარ სურმანიძე კი პრობლემად სკოლისა და დანარჩენი საზოგადოების გაუცხოებას მიიჩნევს. „პირველი პრობლემა რა თქმა უნდა არის კვალიფიციური კადრები, მაგრამ მე გამოვყოფ სკოლისა და საზოგადოების გაუცხოების პრობლემას.

საზოგადოება ბევრს მოითხოვს სკოლისგან, მაგრამ სკოლასთან არ თანამშრომლობს. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებას დრო არ აქვს, ლუკმა-პურის შოვნაზეა ორიენტირებული, თუმცა ვცდილობთ მშობლებთან კომუნიკაციით ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოვაგვაროთ“.

კონკურსში მონაწილეების აზრით, დირექტორების მიმართ წაყენებული მოთხოვნები ძალიან მაღალია. რა მიმართულებით სჭირდებათ დღეს სკოლის დირექტორებს კვალიფიკაციის ამაღლება და რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხარდაჭერა მათ მიმართ? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ის დირექტორებიც საუბრობენ, რომლებმაც ტესტირება წინა წლებში გაიარეს.

„რა თქმა უნდა,კვალიფიკაციის ამაღლება გვჭირდება, რადგან სისტემაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ტრენინგებია საჭირო სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. ადრე უფრო ხშირად იყო ტრენინგები ამ მიმართულებით, წელს არ ყოფილა.

თუმცა ტრენინგი ისეთმა სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ, რომლებსაც პრაქტიკული შეხება აქვთ სკოლასთან, სხვა შემთხვევაში ტრენინგი ნაკლებ პროდუქტიულია“ – ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.

„მე გასულ წელს გავიარე გასაუბრება და ტესტირება და მაშინ ძირითადი აქცენტი დირექტორის ლიდერულ თვისებებზე კეთდებოდა. დირექტორი პასუხისმგებელია სკოლაში სწავლების ხარისხიც. ამიტომ, ორივე მიმართულებით სჭირდება დირექტორს კვალიფიკაციის ამაღლება“ – მიიჩნევს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ზურაბ ზაქარაძე.

მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ქონიაძის შეფასებით, დირექტორების აქილევსის ქუსლი ფინანსებია: „2012 წელს იყო ამ მიმართულებით ტრენინგები ჩაქვში და მას შემდეგ მსგავსი არ ყოფილა. წელიწადში ერთხელ აუცილებელია ამ მიმართულებით დირექტორების გადამზადება, გვპირდებიან, რომ მასწავლებლის სახლი გაართმევს ამ პრობლემას თავს, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია“.

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე ცხრა წელია რაც სკოლას მართავს და ამბობს, რომ წლებმა დაუგროვა გამოცდილება, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, დირექტორების გადამზადება აუცილებელია:

„ძალიან ბევრი ცვლილება შედის კანონში, შრომის კოდექსში, ურთიერთობის ახალ სისტემებზე გადავდივართ ეტაპობრივად, ამიტომ გვჭირდება დროული ინფორმაცია კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ. რა თქმა უნდა, დირექტორი თვითონ უნდა ზრუნავდეს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობა ტრენინგების სახით“.

უამინდობის გამო გასაუბრებაზე გასვლა, 31-მა კონკურსანტმა ვერ მოახერხა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც დადგენილ ვადებში ვერ გამოცხადდნენ გასაუბრებაზე, მათ შესაძლებლობა მიეცემათ ეს ეტაპი განათლების სამინისტროში, 26 დეკემბერს გაიარონ.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: