სიახლეები

საშტატო განრიგი სკოლებში, სამინისტროს მითითებით

23.10.2013 • 5568
საშტატო განრიგი სკოლებში, სამინისტროს მითითებით

საჯარო სკოლაში საშტატო განრიგს სკოლის დირექტორი ადგენს და საქართველოს განათლების სამინისტროს უთანხმებს. როგორც დირექტორები ამბობენ, შტატებთან დაკავშირებული მითითებები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. საშტატო განრიგიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრა სკოლის ექთნისა და ფსიქოლოგის, მეეზოვის შტატი. „ახლა კი უკვე ისიც განსაზღვრულია, ხელშეკრულებით ვინ შეგვიძლია ავიყვანოთ. ვფიქრობ ეს არის სკოლის ავტონომიის შეზღუდვა,“-ამბობს მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია.

 

სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, შტატგარეშედ სკოლას შეუძლია დაიქირავოს მხოლოდ დარაჯი, დამლაგებელი, მუშა, ცეცხლფარეში და მძღოლი, ფსიქოლოგი (ინკლუზიური განათლების კოორდინატორი) იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეები. თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ ამ განსაზღვრის შემდეგ სიტუაცია დამძიმდა: „ხელშეკრულებითაც კი ვერ ავიყვან იმ თანამშრომლებს, რომლებიც მე, როგორც მენეჯერს, მიმაჩნია რომ სკოლაში მჭირდება, თუ ავიყვან, ეკონომიკური შემოსავლებიდან უნდა გადავუხადო, რომელიც სკოლას მწირი აქვს“.

 

სკოლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთ შენობაზე მეტი, სკოლის ადმინისტრატორის შტატის დაშვების უფლებაც აღარ აქვთ. „ეს არის სერიოზული პრობლემა. ადმინისტრატორი არის აუცილებელი, რადგან არამარტო სწავლა-სწავლებაა მთავარი სკოლაში, არამედ-აღზრდა, სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებში მოსწავლეების მონაწილეობა და ამის მონიტორინგი“. ქალაქში რამდენიმე სკოლას აქვს ერთ კორპუსზე მეტი, თუმცა, შენობები ერთმანეთთან არ უნდა იყონ დაკავშირებული, მხოლოდ მაშინ ითვლება ისინი ცალკე ობიექტებად.

 

თამთა კვარაცხელია აქცენტს აკეთებს დამლაგებლის შტატის შეზღუდვის პრობლემაზეც. „სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, დირექტორებს უფლება აქვთ ხელშეკრულებით აიყვანონ გარკვეული რაოდენობა დამლაგებლებისა, რეალურად კი შეიძლება სკოლას მეტი სჭირდებოდეს: მუშაობს 2 ცვლაში, ან არაა გათვალისწინებული დასალაგებელი ფართის ოდენობა. აუცილებელია ასევე მეეზოვე (სკოლას დიდი ეზო აქვს), რომელიც მე დამლაგებლად მყავდა გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულებით მეეზოვის ფუნქციებს ასრულებდა. იძულებული გავხდი ხელშეკრულებით აყვანილი პროფესიონალი ბიბლიოთეკარიც გამეშვა, რადგან ერთი შტატში მყავდა, მეორეს ვეღარ დავიქირავებდი.

 

სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის შედეგად სკოლამ მიიღო მიმდინარე სასწავლო წელს 12 000 სახელმძღვანელოზე მეტი, გარდა ამისა, ქალაქის გაუქმებული ბიბლიოთეკების ნაწილი სწორედ სკოლებშია თავმოყრილი, ასეთი სასკოლო წიგნადი ფონდის მართვა კი ერთი ბიბლიოთეკარის ძალისხმევას აღემატება.”

 

როგორც დირექტორი ამბობს, სამინისტროს რეკომენდაციამდე სკოლას შტატგარეშე თანამშრომლად აყვანილი ჰყავდა ექთანი, რადგან მანდატურებმა ვერ შეძლეს ექთნის ფუნქციების შეთავსება. „მინდა ავიყვანო ფსიქოლოგიც, რადგან არსებობს ამის აუცილებლობა. მაშინ, როცა სოციალური ფონი არის ასეთი მძიმე, გარემო აგრესიულია, ფსიქოლოგი არა მარტო მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებსაც გვჭირდება“.

 

სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება თითო ბავშვზე თითქმის 17 ლარით გაეზარდათ, რომელიც სკოლის დამხმარე პერსონალისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, ზრდა რეალურად მიზერულია ან რიგ შემთხვევებში, არ გამოდის: „მითხრეს, რომ მიმატებენ ხელფასს, 1300 ლარი შეგიძლია დაინიშნოო, მაგრამ ვერ ვიზრდი, დავიანგარიშეთ ეს შემოსავლები და რეალურად ის თანხა, რომელიც დაემატა სკოლას, სხვა ხარჯებში გადის (შეიცვალა მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშების წესი). გარდა ამისა, ჩემს ორ მოადგილესა და დამლაგებლებს უნდა გავუზარდოთ ხელფასი., ყველაფერს ვაკეთებთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ მაინც არ გვყოფნის შემოსავლები“.

 

თამთა კვარაცხელიას აზრით, სკოლისთვის საშტატო განრიგის სამინისტროს მიერ განსაზღვრა, არის სკოლის უფლებების შეზღუდვა: „რატომ უნდა განმისაზღვროს სამინისტრომ, რამდენი შტატი მჭირდება სკოლაში. სკოლას აქვს ავტონომია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემი სკოლის საჭიროებები განსხვავდება სხვა სკოლის საჭიროებებისგან, თუნდაც მოსწავლეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში. მე, როგორც მენეჯერმა, უნდა განვსაზღვრო რომელი თანამშრომელი მჭირდება და რამდენი. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იძლევიან ამ მითითებებს, კარგად არ იცნობენ სასკოლო ცხოვრებას. სად არის სკოლის თავისუფლება რეალურად? ჩემი თავისუფლება შეზღუდულია“.

 

დამლაგებლების შტატის შემცირებას მტკივნეულად აღიქვამენ მერვე საჯარო სკოლაშიც. დირექტორის გივი ხალვაშის განცხადებით, დამლაგებლის შრომა და ხელფასი არაადეკვატურია: „ამ სკოლაში 1600 მოსწავლეა. სკოლა ძალიან დიდია და ექვსი დალმაგებელი ნამდვილად ვერ გაწვდება სამუშაოს. ათი დამლაგებელი იყო და ახლა ექვსზე ჩამოიყვანეს. თუ აქამდე ერთი დამლაგებელი ერთ ცვლაში ალაგებდა 500კვ/მ და 200 ლარს იღებდა, ახლა 280 ლარს აიღებს და დაალაგებს 1000 კვადრატულ მეტს თანაც ორ ცვლაში, რაც წარმოუდგენლად დიდი შრომაა. ფაქტობრივად მათ შრომა მოემატათ მიზერული დანამატის ხარჯზე“.

 

გივი ხალვაში მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი
გივი ხალვაში მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი

 

გივი ხალვაში ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გაუგზავნა, სადაც ის ექვსზე მეტი დამლაგებლის აუცილებლობას ასაბუთებს. „თუ არ დაგვთანხმდებიან, იქნება მაშინ დაულაგებელი“.

 

დირექტორი სკოლაში ექთნის საჭიროებასაც ხედავს. „ის აუცილებლად უნდა ავიყვანო. მოსწავლეს გული რომ წაუვიდა, მანდატურმა „მე რა ვქნაო“ განაცხადა. მჭირდება ლოგიპედიც, რადგან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა. ეს შტატები სამინისტრომ გააუქმა, არც უშტატო თანამშრომელთა განრიგში ჩასვა, ამიტომ დამატებითი შემოსავლებიდან მაინც გვინდა რომ ავიყვანოთ“.

 

დირექტორის აზრით, ცუდია რომ სამინისტრომ შტატების დამტკიცებისას კონკრეტული სკოლის საჭიროებები არ გაითვალისწინა: „ადმინისტრატორის შტატს გვიუქმებენ, მაშინ როცა წარმოუდგენელია სკოლა ამ შტატის გარეშე. ხან კონცერტზე ეძახიან ბავშვებს, ხან კინოში, თეატრში. ვინ უნდა უზრუნველყოს ამის ორგანიზება? გარდა ამისა არის უამრავი კონკურსი და სკოლის გარეშე აქტივობა, ამ ყველაფერს ადმინისტრატორი მართავდა. სკოლა ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, მაგრამ გვეუბნებიან ცალკე მისამართები თუ არ აქვს შენობებს, ცალკე ობიექტებად არ ითვლებაო. ესე იგი ადმინისტრატორიც ეკონომიური შემოსავლებიდან უნდა ავიყვანო“.

 

დირექტორის სხვა პრობლემაზეც საუბრობს: „სამი კომპიუტერული კლასი მაქვს, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ორი დავკეტო, რადგან მენეჯერების შემცირება მიწევს. კლასს მეთვალყურის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ, ერთი მენჯერი კი სამ კაბინეტს ვერ გაწვდება. ახლა თქვენ განსაზღვრეთ რამდენად დეცენტრალიზებულია სკოლა“.

 

 

მარიზა აბაშიძე მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი
მარიზა აბაშიძე მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი

მე-2 საჯარო სკოლაში 1925 მოსწავლე სწავლობს. ის ერთ-ერთი დიდ კონტინგენტიანი სკოლაა. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძეც, ისევე როგორც დანარჩენი ორი რესპონდენტი სკოლაში აუცილებელი შტატების გაქრობის პრობლემაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს რომ დიდკონტინგენტიან სკოლებში საჭირო კადრების აყვანის პრობელმა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.

 

„დამლაგებელთა რაოდენობა ჩვენთან არ შეუზღუდავთ, ექვსი მყავს ისევ, თუმცა იმ სკოლებს ვისაც ნაკლები მოსწავლეები ჰყავს, პრობლემა ექმნება, რადგან მოსწავლეების შემცირება არ ამცირებს დასალაგებელი ფართის მოცულობას. ჩვენ ფსიქოლოგიც გვყავს, რადგან ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები გვყავს, ვსაჭიროებ მხოლოდ ექთანის დამატებას, რომლის აყვანას ეკონომიური შემოსავლებიდან ვაპირებ. ჩემს სკოლას რეალურად ჰყოფნის ყველა საჭირო შტატზე ფინანსები, რადგან ბევრი მოსწავლე მყავს, მაგრამ მცირეკონტინგენტიან სკოლებს, პრობლემები ნამდვილად შეექმნებათ“.

 

მარიზა აბაშიძის განცხადებით, სამინისტროს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სკოლების სპეციფიკა და შემოსავლები. „განსხვავებული რეალობაა როგორც ქალაქებში და სოფლებში, ასევე ქალაქის სხვადასხვა სკოლებში. ამიტომ სამინისტრო ამ სპეციფიკიდან უნდა ამოვიდეს“.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, საჯარო სკოლები საშტატო განრიგს, განათლების მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უთანხმებენ. „საშტატო განრიგის პროექტის შემუშავებისათვის გასათვალისწინებელია მითითებები. შკოლებმა უნდა წარმოადგინონ სრულყოფიულად შევსებული საშტატო განრიგი, არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის შემცველი საშტატო განრიგი არ შეთანხმდება და დაექვემდებარება ხელმეორე განხილვას“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, თუკი სკოლას აქვს ფინანსური რესურსი, მას აქვს უფლება, ყველა საჭირო თანამშრომელი ჰყავდეს.

 

 





სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: