ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ავღანეთგამოვლილი სამხედროების ფოტოების გამოფენა მოეწყო. ფოტოებს თან ახლავს სამხედროების წერილებიდან ამონარიდები. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოფენის სახელწოდება „წერილები ავღანეთიდან“.
„იყო შემთხვევები, როდესაც ტერორისტებისგან ხის იარაღები ამოგვიღია, მეთაურები ურიგებენ და ეუბნებიან, რომ ეს არის სამოთხის გასაღები და თუ კოალიციის ჯარისკაცს მოკლავს, სამოთხეში მოხვდება“.
„ხშირად ბავშვები საკუთარი მამის მიერ დაგებულ ნაღმზე ფეთქდებიან. ისინი ჩვენს ბაზებზე მიგვყავს და სამედიცინო დახმარებას ვუწევთ ხოლმე“, – ეს არის ამონარიდები ჯარისკაცების წერილებიდან.
ბათუმამდე იგივე გამოფენა თბილისში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორმა, სამხედრო ჟურნალისტმა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ზაირა მიქატაძემ ღონისძიების მთავარ არსზე ისაუბრა:
„გამოფენა „წერილები ავღანეთიდან“ პირველად თბილისში გაიმართა. აქ წარმოდგენილია ქართველი მეომრების მიერ ავღანეთში გადაღებული ფოტოები, რომელიც თვითონ მომაწოდეს. დღევანდელი დღე მივუძღვენი ახლახან ქაბულიდან დაბრუნებულ ბათუმის ბატალიონს. ამ გამოფენის მთავარი მიზეზი იყო „ნიუ-იორკ თაიმსში“ ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციის შემლახავი სტატიის გამოქვეყნება. ფოტოებში მოცემულია არა მარტო ავღანელ მოსახლეობასთან ურთიერთობა, არამედ ჩვენი მეომრების ყოფა ცხოვრების ამსახველი ფოტოები, თუ როგორ ასრულებენ ისინი საერთაშორისო მისიაში თავიანთ მოვალეობას“.
„წერილები ავღანეთიდან“ ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს თანადგომით განხორციელდა. გამოფენის ორგანიზატორს სურს ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერას მასშტაბური სახე მისცეს, რის გამოც ის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ავღანეთში ჩასვლას და დოკუმენტური ფილმზე მუშაობას გეგმავს.
დღევანდელი ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯარისკაცები, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ისინი ახალსოფელში დაღუპულ ჯარისკაცის თემურ კახიძის საფლავს გვირგვინით შეამკობენ. მოგვიანებით კი სამხედროებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლებენ.