მთავარი,სიახლეები

მტვერი, გოგირდი და აზოტი – როგორი ჰაერია ბათუმში?

03.02.2017 • 6698
მტვერი, გოგირდი და აზოტი – როგორი ჰაერია ბათუმში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, დეკემბერში, ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე წარმოებდა. განი­სა­ზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიე­რებების კონცენტრაციები: მტვე­რი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ასევე ნახშირჟანგი.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ბათუმის ჰაერში მტვრის  ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატებო­და 1.4-ჯერ,  ხოლო აზოტის დიოქსიდისა – 1.1-ჯერ.  გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი  ნორმის ფარგლებში იყო“.

სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის თვეში ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში ასევე წარმოებდა ქათამაძის ქუჩაზე განლაგებულ ავტომატურ სადგურზე და აქაც განისაზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი, PM10 და PM2.5.

„ბათუმის ავტომატურ სადგურზე გაზომილი დამაბინძურებელი ნივთიერების  საშუალო თვიური კონცენტრაციები, გარდა აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგისა, ნორმის ფარგლებში იყო. აზოტის დიოქსიდის საშუალო თვიური კონცენტრაცია (0,150 მგ/მ3) 3.8-ჯერ, ხოლო ნახშირჟანგის – 1,3-ჯერ  აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას“ – აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში ქალაქ ბათუმში ჩატარდა ატმოსფერული ჰაერის ინდიკატირული გაზომვები. კერძოდ, ქალაქის 4 წერტილში ჩატარდა 9 ინდიკატორული გაზომვა.

„აქედან აზოტის დიოქსიდის – 4, გოგირდის დიოქსიდის – 1, ბენზოლის – 3 და ოზონის – 1 გაზომვა. შედეგები შედარებული იქნა ევროკავშირის ნორმატივებთან ჰარმონიზებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდექსებთან. ყველგან დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და  ბენზოლის დაბალი ინდექსები. აზოტის დიოქსიდის ინდექსი მხოლოდ ერთ წერტილში იყო დაბალი, ხოლო სამ წერტილში – ტერმინალთან, რუსთაველის ქუჩაზე თეატრთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან იყო საშუალო“.

2017 წლიდან,  საწარმოები ვალდებულნი არიან ჰაერში გაფრქვეულ  მავნე  ნივთიერებათა  რაოდენობრივი  მაჩვენებლები აღრიცხონ და შემდეგ ეს მონაცემები ელექტრონულად წარადგინონ ყოველი საანგარიშო წლის  ბოლოს. ვადების დარღვევის ან ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, საწარმოები დაჯარიმდებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: