სიახლეები

ჭაჭა ისევ იქნება

19.02.2013 • 1832
ჭაჭა ისევ იქნება

 

 

„ჭაჭის შადრევანი არ მუშაობს? რატომ? ჭაჭა აღარ აქვთ?“ – ჰკითხა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის  მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს. გვაქვს თუ არა და გადმოვა თუა არა ისევ ჭაჭა შადრევნიდან ამ კითხვაზე პასუხი ბათუმის ლანდშაპტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს ეთერ მაჭუტაძეს აქვს:  „ჭაჭა ისევ იქნება.“

 

 

როგორც ეთერ მაჭუტაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, ბათუმის ტერიტორიაზე არსებული შადრევნები სამართავად მერიამ გამწვანების სამსახურს ჩააბარა. კითხვაზე რატომ გადაწყდა ასე და რა კავშირი აქვს ამ სამსახურს შადრევნებთან, ეთერ მაჭუტაძემ ასე უპასუხა: „ რა ვიცი გენაცვალეთ, აბა რა ვიცი.“

 

 

შადრევნების ახალი მმართველის თქმით ჭაჭა შადრევნიდან პერიოდულად, ძირითადად საღამოს შვიდი საათისთვის, ათ- ათ წუთიანი ინტერვალით  ისევ წამოვა და ამის შესახებ წინასწარ აცნობებენ საზოგადოებას. ამ ფუნქციის დიდი ხნით შეჩერების მიზეზად კი ჭაჭის გასავსებად ბოთლებით მოსული ადამიანების რიგები სახელდება.

 

 

 „დაიწყო იქ მსმელმა საზოგადოებამ თავმოყრა. ორლიტრიანი ბოთლებითა და ვედროებით მოდიოდენ ჭაჭის წასაღებად.  ამიტომ შევაჩერე. ტურისტი რომ ჩამოვა მაშინ რა ვქნათ? – ამ შადრევნის დანიშნულება ჯერჯერობით ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ისაა, ტურისტი რომ ჩამოვა, ნახოს ეს სანახაობა და ერთი ჭიქა დააგემოვნოს, ეს ზღვის ფონზე ძალიან ეფექტურია. დროებით შევაჩერე და განსაკუთრებულ დღეებზე, დღესასწაულებზე ჩავრთავ. “ – უთხრა ეთერ მაჭუტაძემ „ბათუმელებს.“

 

 

ამ დროისათვის ბათუმის ლადშაფტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურის საწყობში ხუთ ტონამდე ჭაჭა ინახება, ეს მარაგი ეთერ მაჭუტაძის თქმით მომავალ სეზონზე უნდა გადანაწილდეს, თითო ჯერზე შადრევნის ავზში 200 ლიტრი ჭაჭა თავსდება.

 

 

მერიის პრესამსახურის ინფორმაციით ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს შეეძლებათ, გურჯაანიდან ჩამოიტანეს, ლიტრის ფასი 7ლარი და 20 თეთრია, ჯამში ჭაჭა შადრევნისთვის ქალაქის ბიუჯეტს  28 ათას ლარამდე დაუჯდა.

 

 

„ჭაჭის თაუერი” ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი პარკის შესასვლელთან გასულ წელს გაიხსნა.

 

 

 

ჭაჭის კოშკის მთავარი გუმბათი  25 მეტრის სიმაღლისაა,  დანარჩენი 4 გუმბათი კი 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი  შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინება.  კოშკზე დამონტაჟებულია საათიც. „ჭაჭის თაუერის“ მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: