იცით რა არის ჭკვიანი მედიკამენტების ყუთი?
ეს არის ყუთი, რომელშიც შეგიძლიათ არა მხოლოდ შეინახოთ თქვენი წამლები, არამედ ის თავად შეგახსენებთ მათი მიღების დროსა და დოზას.
ასეთი ჭკვიანი ყუთი შუახეველმა სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს.
„ჩვენი გამოგონების დანიშნულება იყო, რომ ადამიანებს თავიანთი წამლები დანიშნულ დროს მიეღოთ“ – გვიყვება ელენე მიქელაძე, რომელმაც მეგობრებთან ერთად ამ მოწყობილობის შექმნაზე იმუშავა.
ელენემ და კიდევ 19-მა შუახეველმა მოსწავლემ 3-დღიანი სასწავლო კურსი გაიარეს STEM ბანაკში, რომელიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერითა და შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარდათ ინოვაციური მეწარმეობის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მიკროელექტრონიკის საფუძვლების შესახებ. 3 დღის განმავლობაში მათ მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჭკვიანი და ავტომატიზებული მოწყობილობების შექმნაზე და გაიარეს სრული პროცესი იდეის შექმნიდან მის პრაქტიკულ განხორციელებამდე.

„STEM ბანაკში ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ: როგორ უნდა აგვეწყო ტექნოლოგიები, როგორ უნდა გაგვეშვა სისტემაში და ა.შ. შევიძინეთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. ჩვენი ჯგუფის იდეა და მიზანი იყო, რომ აგვეწყო ჭკვიანი ნაგვის ყუთი“ – გვიყვება ბანაკის კიდევ ერთი მონაწილე, ალეკო ბერიძე.
14-18 წლის მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან მუშაობა ასწავლეს „მასტერ ედუქეიშენის“ თანამშრომლებმა.
„ბანაკის განმავლობაში მოსწავლეებმა ისწავლეს ისეთი STEM მიმართულებები, როგორიც არის, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, მიკროელექტრონიკა. ასევე, განივითარეს სამეწარმეო უნარები და ჟიურის წინაშე წარადგინეს თავიანთი იდეები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარებს.
პროცესი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა და ყველა ბედნიერი იყო, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდები, რომლებმაც ძალიან საინტერესო პროექტები შეიმუშავეს და რაც ყველაზე მთავარია, განივითარეს უნარები“, – აღნიშნა სანდრო კანდელაკმა, რომელიც მოსწავლეებს 3 დღის განმავლობაში ტრენინგებს უტარებდა.
შუახეველი მოსწავლეების მიერ შექმნილი მოწყობილობების წარდგენას დაესწრნენ როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის, ისე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე აბიჯიტ ბაგატმა, „შუახევჰესის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისა და მათი კარიერული განვითარების მიმართულებით.

„დღევანდელი STEM ღონისძიება ორგანიზატორებმა ძალიან კარგად მოამზადეს და ჩაატარეს. შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო და არ დაიშურა ძალისხმევა. გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო და ეს მათთვის რთული აღმოჩნდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მაინც შესანიშნავად გაართვეს თავი ღონისძიებაზე საკუთარი პროექტები წარადგინეს.
ჩვენ, როგორც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები, ამ ქვეყნის კორპორაციული მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ ასეთ ღონისძიებებს.
ამით მოსწავლეებს საკუთარი უნარების განვითარებაში ვეხმარებით, რათა უფრო მომზადებულები იყვნენ დასაქმებისთვის, გაუღვივდეთ ცნობისმოყვარეობა და გაუჩნდეთ უმაღლესი განათლების მიღების სურვილი. საბოლოოდ, ისინი წარმატებული ადამიანები გახდებიან და ქვეყნის წინსვლაში მნიშვნელოვან მონაწილეობას“, – განაცხადა „შუახევი ჰესის“ ხელმძღვანელმა.
ნახეთ ვიდეო ამ თემაზე: