ბათუმში, კომახიძის N119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობიდან, რომელიც მთავრობის განცხადებით „გამაგრებას არ ექვემდებარება“, ავეჯისა და ინვენტარის სხვა მისამართზე გადასატანად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 22 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა.
გარკვეულ ავეჯს გადაიტანენ ასევე გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც, სადაც აჭარის განათლების სამინისტროა განთავსებული.
კომახიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო განთავსებული – თანამშრომლებისგან დაცლილია. სამინისტროები სხვადასხვა შენობებში გადაანაწილეს, ზოგიერთი თანამშრომელი კი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაცლილი შენობა „გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენება“.
ზემოთ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში „მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს, საჭიროების შესაბამისად:
- ავეჯისა და საოფისე ინვენტარის მომზადება გადასატანად;
- საჭიროების შემთხვევაში ავეჯის დაშლა;
- დაშლილი და დაუშლელი ავეჯისა და ინვენტარის შეფუთვა/დაცვა ტრანსპორტირების პროცესში;
- ავეჯისა და ინვენტარის შენობიდან უსაფრთხოდ გამოტანა, დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაში, ტრანსპორტირება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, დაშლილი ავეჯის/ინვენტარის აწყობა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე/ოთახში განთავსება;
- მომსახურების დასრულების შემდეგ გამოყენებული შეფუთვის მასალებისა და სამუშაოს შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანა;
- სხვა ისეთი თანმდევი სამუშაოების შესრულება, რომლებიც აუცილებელია მომსახურების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 2 ნოემბერს და 4 ნოემბერს დასრულდება. მომსახურების გაწევა კი, ტენდერში გამარჯვებულმა სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობის ავარიულობას, ექსპერტიზამ დასკვნა 2026 წლის ივლისში მოამზადა. სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი 17 874 ლარი გადაიხადა უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. ხელშეკრულება კომპანია „ანაგთან“ გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მომზადებაში 8 წლის წინ 542 800 ლარი დახარჯა, თუმცა ეს პროექტი აღარ განუხორციელებია. ამ პროექტით, მაშინდელი გათვლებით ახალი შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.
ვრცლად ამ თემაზე:
აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს