მთავარი,სიახლეები

რამდენს ხარჯავენ ძალოვანი უწყებები ყვითელ პრესაში

17.01.2017 • 18586
რამდენს ხარჯავენ ძალოვანი უწყებები ყვითელ პრესაში

ბულვარულ გამოცემებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვას სახელმწიფო უწყებები არ ერიდებიან. მაგალითად, ჟურნალი „სარკე“ თითქმის ყველა ძალოვან უწყებაში პოპულარული გამოცემაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდული გამოცემების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს ჯამში 28 322 ლარს დახარჯავს, მათ შორის იმაში, რომ პოლიციელებმა წლის განმავლობაში ჟურნალები „სარკე“, „თბილისელები“, ან „გზა“ წაიკითხონ. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან ერთად ეს უწყება ფულს ხარჯავს ისეთ გამოცემებშიც, როგორიცაა „საპატრიარქოს უწყებანი“, ან სპორტული გაზეთი „ლელო“.

ყვითელ გამოცემებში ბიუჯეტის ფულს დახარჯავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაც. მიმდინარე წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ეს უწყება 1701 ლარს დახარჯავს პერიოდული გამოცემების შესაძენად, მათ შორისაა: „თბილისელები“, „სარკე“, „გზა“…

სასაზღვრო პოლიცია 10 800 ლარს დახარჯავს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის შესაძენად, თუმცა ჯერ უცნობია, რომელია ეს გამოცემა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულებულია, თუმცა ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

წლის განმავლობაში 7200 ცალი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ შესაძენად გასულ წელს 20 952 ლარი გადაიხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

ჟურნალები – „სარკე“ და „თბილისელები“, ასევე გაზეთი „ლელო“ პოპულარულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. ეს უწყება წელს პერიოდული გამოცემების, მათ შორის ყვითელი პრესის შესაძენად 11 051 ლარს დახარჯავს.

ბულვარული პრესა უყვართ, მაგრამ ამაში საკუთარი ფულის ნაცვლად სახელმწიფო ფულს დახარჯავენ საქართველოს მთავარი პროკურატურაშიც. ამ უწყებას ელექტრონული ტენდერიც კი არ გამოუცხადებია პერიოდული გამოცემის შესაძენად. მიმდინარე წლის 4 იანვარს გაფორმებული პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, პროკურატურა პერიოდულ გამოცემებში 1310 ლარს დახარჯავს.

ძალოვან უწყებებს პრესას, ძირითადად, ერთი და იგივე კომპანია – შპს „პლანეტა-ფორტე“ აწვდის.

გადაბეჭდვის წესი