მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც 2026 წელს უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა.

ანუ, დეკლარაციის წარდგენა ევალება პირს, რომლის [მისი ან/და მისი ოჯახის წევრების] შემოსავალი 2025 წელს ჯამში აღემატებოდა 100 ათას ლარს.

„აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი [ვინაიდან 1 ნოებერი არასამუშაო დღეა]… ახალი ცვლილებით დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს [გარდა მიწისა] აღარ გადაიხდის.

იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე [გარდა მიწისა], საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ [გარდა მიწისა] თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ის, ვისაც გააჩნია დასაბეგრი მიწა, დეკლარაცია მაინც უნდა წარადგინოს, წლიური შემოსავლის ოდენობის მიუხედავად.

თუმცა, ამავე სამსახურის განმარტებით, „თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა [ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა] წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.“

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2026 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

ამ თემაზე:

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version