ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.

შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს.

„არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის.

13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მოიპოვებს.

ამასთან, „არალმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 41 250 ლარი უნდა გადაიხადოს.

წითელი წრით მონიშნულია ის ადგილი სადაც „არალი“ ანდეზიტს [ვულკანური წარმოშობის ქანი] მოიპოვებს

შპს „არალი“ ხულო-ზარზმის გზაზე ამჯერად მხოლოდ მეწყრული ადგილების აღდგენაზე მუშაობს.

„მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდობის აღდგენის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე“ კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „არალსა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა 15 204 999 ლარზე.

„მეწყრულ ადგილებში“ სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღემდე მიმდინარეობს. ამავე პორტალის მონაცემებით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის ჯამში 12 443 178 ლარია გადახდილი.

აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე დაიდო გეოლოგიური დასკვნაც იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოები იყო.

ამ თემაზე ვრცლად: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

რაც შეეხება მთლიანად ხულო-ზარზმის პროექტს. ამ გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

პრობლემის მიზეზი კი ისევ „მეწყრული მონაკვეთები“ ყოფილა, რასაც „არალის“ მიერ შესრულებული თუ შესასრულებელი სამუშაოები ეტყობა აღარ შველის.

„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს“. – ეს განცხადება „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 2017 წლის 17 სექტემბერს გააკეთა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 2026 წლის 17 სექტემბერი / გზების დეპარტამენტის ფოტო

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version