საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება.
დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს.
„სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება;
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება;
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით;
გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა, ეს გზების დეპარტამენტმა ჯერ 2026 წლის 17 ივნიის დააანონსა, შემდეგ კი – 14 ივლისს. ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 18 ივლისს გაიხსნა.