„მზია ამაღლობელის ბანერი სახლში წამოვიღე, ტექნიკასთან და ბევრ სხვა ნივთთან ერთად, ვერ დავტოვე. ციხიდან როცა გამოვა, ამ ბანერზე ხელს მოვაწერინებ და „კარიბჭეს“ ახალ თაობას გადავცემ“, – გვიყვება გულო კოხოძე, ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში ემოციურად იხსენებს, როგორ ჩაალაგეს ნივთები ოფისის დაცლამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ხარჯებს ვეღარ გადაიხდიდნენ.

გულოს სახლში სხვა ნივთებთან ერთად წაუღია დაფაც, რომელზეც ყოველ დილით წერდნენ გეგმას, რედაქციაში ვის რაზე უნდა ემუშავა, ვინ რას გამოიკვლევდა.

ბოლო გეგმა არ წაუშლიათ. დაფა ამ ჩანაწერით შეინახეს. გადაწყვიტეს, რომ „ოფისი“ ახლა სოციალურ ქსელში, „ჩატში“ ექნებათ, ანუ ყოველ დილით ონლაინ ხვდებიან და გეგმავენ დღის განრიგს.

„სამხრეთის კარიბჭეში“ გადაწყვიტეს, რომ იმუშავებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ახალციხეში საცხოვრებელი აქვს.

„ვინც ბინას ქირაობდა გადავწყვიტეთ, რომ შეეჩერებინათ მუშაობა – ვერ შეძლებდნენ ყოველდღე ამხელა გზის გამოვლას. ვუთხარით, რომ არ ინერვიულონ, ჩვენ არ გავჩერდებით, თუმცა ყველა არ წასულა, მაგალითად დარჩა ნუკა, რომელიც ბორჯომელია, ის მუშაობას აგრძელებს.“ – ამბობს გულო კოხოძე.

წასვლამდე ოპერატორმა რედაქტორს დაჟინებით მოსთხოვა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში აუცილებლად დაურეკონ: „გაგვაფრთხილა, როცა დაგჭირდებით, აუცილებლად დამირეკეთ, ჩამოვალ და გადავიღებო, სხვებიც ამაზე შეგვითანხმდნენ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ დამოუკიდებელი რეგიონული მედიაორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სიახლეებსა და მოვლენებს აშუქებს, აქვს სომხურენოვანი გვერდიც. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზაცია დიდი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა. ოთხი თვის წინ კი დატოვეს ოფისი, სადაც 10 წელი მუშაობდნენ.

დიდიმამიშვილის ქუჩა #16 -ში, „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში მისულ რესპონდენტებს ახლა ოფისის მეზობლად მცხოვრები პასუხობს და ჟურნალისტებთან აკავშირებს: „ისინი ახალ მისამართს ითხოვენ და უჭირთ იმის გაგება, რომ მისამართი არ გვაქვს. ასე როგორ იმუშავებთო, გვეკითხებიან“, – გვიყვება გულო კოხოძე.

„ადრე, სანამ ამ ოფისში ადამიანები მეგულებოდნენ, ყველაზე მეტად დილით, ოფისის ყავის სუნი მენატრებოდა, მერე – ჩემ მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ მსხდომი ადამიანები, მოუცლელობაში გამოჩხრეკილი წუთები სალაპარაკოდ და რადიოს მიქშერი, თავისი ნაცრისფერ-სტაფილოსფერი ღილაკებით. ახლა, როცა ამ ოფისს ჩავივლი, ვერ ვიჯერებ, რომ შიგნით აღარავინაა და ეს დღე არსებობს…“ – დაწერა ცოტა ხნის წინ თაკო ფეიქრიშვილმა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტმა ფეისბუქზე. 

ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ოფისი „სინათლე მედიას“ დახმარებით შეინარჩუნეს, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე უნდა გადასულიყვნენ.

„ოფისი აპრილის ბოლოს დავცალეთ, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები გვქონდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ოფისი დაგვეცალა და ონლაინ გაგვეგრძელებინა მუშაობა.

სახლებიდან ვმუშაობთ. გვყავს სომხურენოვანი თარჯიმანი, ასე რომ სომხურენოვან გვერდს ისევ ვაკეთებთ, ეს შევინარჩუნეთ. ძალიან გვეხმარებოდა „სინათლე მედია“ და აპრილამდე თუ შევძელით ოფისში დარჩენა, ეს იყო „სინათლე მედიის“ დახმარებით. შენობაში ვიხდიდით მაღალ თანხას, ამას ემატებოდა კომუნალურები და ასე შემდეგ“ – ამბობს გულო.

სელფი „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში
  • რა შეცვალა ონლაინ მუშაობამ

„პანდემიის პერიოდში, როცა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავედით, სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო მაშინაც. არ ვიყავით მიჩვეულები, არ ვიცოდით რა იყო ონლაინ მუშაობა, იმ დროიდან დამკვიდრდა და რაღაც გამოცდილებაც მივიღეთ. უკვე ვიცოდით, რომ წავიდოდით სახლში, წავიღებდით შესაბამის ტექნიკას, რაც გვჭირდებოდა და ასე თუ ისე გამოვიყენებდით.

ბუნებრივია, რთულია გუნდურობისთვის, ურთიერთობისთვის, ყოველდღიური დაგეგმვისთვის…

დილით როცა დგები, ემზადები და მიდიხარ, იცი, რომ სამსახურში მთელი დღის საქმეს ახმარ შენს ენერგიას. აქ უკვე აირია ყველაფერი, ვერ გარკვეულხარ სახლის საქმე – სამსახურის საქმე, დროის გადანაწილება რთულია.

ახლა ოთხნი ვართ და ასე დავლაგდით. დილით ვიკრიბებით, ვწერთ, ვინ რა უნდა გავაკეთოთ, რაღაცას ვინაწილებთ ახალს, რაღაცას ვაგრძელებთ, ვგეგმავთ ვინ წავა იმ დღეს გადაღებაზე, ვინ შეძლებს და ასე შემდეგ. იმას, რასაც დაფაზე ვწერდით, ახლა უკვე ჩატში ვწერთ ერთმანეთს. ჩატი როგორც კი ხმას გამოსცემს, უკვე ყველანი იქ ვართ და ვიცით, რომ რაღაც ხდება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ 2004 წელს დაარსდა. გამოცემა გაზეთის სახით გამოიცემოდა 2004-2017 წლებში, ქართულ და სომხურ ენებზე, 2017 წელს კი მედიაორგანიზაციამ ჯერ ვებგვერდი, შემდეგ კი რადიო დააარსა. გამოცემას და მის ჟურნალისტებს არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული. ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“
  • „ერთმა მხარდამჭერმა საკუთარი სახლი შემოგვთავაზა“

„როცა სატვირთო მანქანა მოვიდა ჩვენი სამსახურის წინ და დავიწყეთ ოფისის დაცლა, რამდენიმე ადამიანი მოვიდა და გვკითხა, სად გადავდიოდით. გაუკვირდათ, როცა ვუთხარით, რომ ოფისი აღარ გვექნება. არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახლი შემოგვთავაზა, ჩემთან გადმოდითო, მადლობის მეტი რა გვეთქმოდა.

ძალიან გაუკვირდათ ადამიანებს, სამსახური თუ არსებობს, უნდა არსებობდეს ოფისიცო, ასე როგორ შეძლებთო.

იყო ასეთი კითხვებიც – „თქვენც გაქრებით?“

მოგვიწია კეთილისმსურველი ადამიანების დარწმუნება, რომ ჩვენ ონლაინ შევძლებთ მუშაობას.

როცა წავედით, სახლის მეპატრონე აკეთებდა რემონტს. მან გვითხრა, რომ ადამიანები მიდიოდნენ და ითხოვდნენ რედაქციის ახალ მისამართს. ის უხსნიდა, ოფისი აღარ აქვთო და არ იჯერებდნენ, ადამიანები მიჩვეულები იყვნენ ჩვენთან ოფისში მოსვლას და იქ საუბარს… ძალიან რთული იყო ამის ახსნა. საჯაროდ ოფისის დახურვაზე ინფორმაცია არ დაგვიდია. ტელეფონზე ვინც გვეხმიანება, ვეუბნებით, რომ ჩვენ თვითონ მივალთ ადგილზე“.

გულო კოხოძე გვიყვება, რომ რეგიონში, სადაც ის 10 წელზე მეტია ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, პროტესტის მძლავრი ხმა არ ისმის და უკმაყოფილებას უფრო პირად საუბრებში გამოხატავენ:

„სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო რეგიონი, სადაც ნაკლებად ისმოდა პროტესტის ხმა, სამწუხაროდ.

ის, რომ ახლა ახალციხეში საპროტესტო აქციაზე ადამიანები დგანან, ეს არის სამცხე-ჯავახეთისთვის სასწაული მოვლენა.

როცა გვხვდებიან, პირადად გველაპარაკებიან, მაგრამ ამის ხმამაღლა, საჯაროდ თქმა ძალიან უჭირთ.

შეიძლება არის შიში, შეიძლება კი არა, არის შიშის ფაქტორი, მაგრამ, ზოგადად, აქტივიზმით რეგიონი არასდროს გამოირჩეოდა. ის, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ მათთვის არის პირველი ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ მედია, არის მნიშვნელოვანი. ამას გვეუბნება არაერთი.

არაერთმა გვითხრა: რამდენჯერ გავიარე და ოფისის ფანჯრებზე გამოკრული განცხადება – „ქირავდება“ – ძალიან გვაწუხებსო. რა გავაკეთოთ, რით დაგეხმაროთო, გვეუბნებიან.

მინდა ვუთხრა მათ, რომ სანამ შევძლებთ არ გაჩერდება „სამხრეთის კარიბჭის“ ონლაინ გამოცემა.

თავიდანვე მოვილაპარაკეთ და ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან ადგილობრივები, როგორც კი დაგვჭირდება, ჩამოვლენ.

ადამიანი რომ დაფიქრდეს, რას მისცემს ადგილობრივ მოქალაქეს „სამხრეთის კარიბჭის“ დახურვა? – ყველაფერი, რაც აქ იწერება, მათი ამბავია, მათი პრობლემები შუქდება, მათი საკითხები, რაც მათ აწუხებთ.

ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რას მოგვცემს „კარიბჭის“ დახურვა? – იმ ინფორმაციას, რომელსაც ახლა ეცნობიან, ვეღარ გაეცნობიან.

როცა რაიმე ხდება, გვწერენ, როდის იქნება მასალა მზად, როდის დადებთ. ან გვეკითხებიან – შეძლებთ, რომ დროულად მოგვცეთ ეგ ინფორმაცია?

აი, ეს დააკლდებათ. და რა მოემატებათ?! – არაფერი, გარდა იმისა, რომ დაიხურება სივრცე, სადაც მათ შვილებზე იწერებოდა, მათ მეზობლებზე იწერებოდა, ყველას სიკეთეზე, პრობლემებზე იწერებოდა, საგამოძიებო მასალები იწერებოდა, რაშიც უდიდესი შრომაა ჩადებული“ – ამბობს გულო კოხოძე.

Exit mobile version