სიახლეები

ამნისტია და საზოგადოება

05.01.2013 • 5690
ამნისტია და საზოგადოება

ბატონო რამინ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. დავიწყოთ იქედან, თუ რა არის ამნისტია და რა კარგი და ცუდი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მას?

 

 

ამნისტია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დავიწყებას, პატიებას ნიშნავს. აქედან მოდის ამნისტია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან პირის გათავისუფლება ან ამ სასჯელის შემსუბუქება. ამნისტიას აქვს ის დადებითი მხარე, რომ დანაშაულისათვის დაპატიმრებულ ადამიანებს აძლევს საშუალებას სასჯელის სრულად მოხდამდე გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, ეს კი წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან მათთვის გამოცხადებულ ნდობას. თუმცა, შესაძლოა, სასჯელიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა კვლავ გაიმეორონ დანაშაული და გამოშვებულ იქნას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირებიც. მაგალითად, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდებული პირები მთლიანად გაათავისუფლეს, ანუ აქ მხედველობაში მიიღეს არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმე, არამედ სახეობაც.

 

 

ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მძიმე დანაშაულია?

 

 

დანაშაული სიმძიმის მიხედვით სამი კატეგორიისაა: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. ის დანაშაული, რომლის სასჯელადაც კანონით მაქსიმუმ 5 წელია გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმეა, 10 წლის ჩათვლით – მძიმე, ხოლო 10 წლის ზემოთ განსაკუთრებით მძიმე.  შესაბამისად, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს მიეკუთვნება.

 

 

 

ნარკომანი ციხეში უნდა იქნეს ჩასმული თუ მან უნდა გაიაროს საჭირო რეაბილიტაცია? ცოტათი თემას გადავუხვევ, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

ჩემი აზრით, ნარკომანისთვის უნდა არსებობდეს 90 დღიანი პატიმრობა, ხშირად პატიმრობას მკურნალობაზე მეტი შედეგი მოაქვს. თუკი პატიმარი ნარკომანიით დაავადებულია, მაშინ მას სასჯელაღსრულების საპატიმროში უნდა ჩაუტარდეს იძულებითი მკურნალობა, ვინაიდან ნარკომანების 90% ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარს ამბობს.

 

 

 

გასაგებია. თქვენი აზრით რა ტიპის დანაშაულებს უნდა შეეხებოდეს ამნისტია?

 

 

 

ყველას, გარდა განზრახ მკვლელობებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა. დანარჩენებზე შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა შეღავათი, ზოგს გაუნახევრონ, ზოგი საერთოდ გაათავისუფლონ და ზოგსაც ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით შეუმცირონ სასჯელები.

 

 

 

დღევანდელი მასშტაბური ამნისტიის შესახებ რას იტყოდით?

 

 

 

ჩემი პოზიცია ამ თემის მიმართ დადებითია.

 

 

 არსებობს სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია. ეს კომისია გამოითხოვს პატიმრების პირად საქმეებს ციხეებიდან, ციხეების დირექტორებს ეკითხებიან ამ პატიმრების შესახებ, მაგრამ აქაც გარკვეული პირობების დაცვაა საჭირო. პატიმრებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის იხდიან სასჯელს, სასჯელის ნახევარი უნდა ჰქონდეთ მოხდილი, რათა კომისიამ განიხილოს მათი საქმეები, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს 2/3 უნდა ჰქონდეთ მოხდილი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს 3/4. არსებობს სასჯელისაგან გათავისუფლების სხვა ფორმაც – შეწყალება, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტი გამოსცემს და მას შეწყალების აქტით შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი.  ის მსჯავრდებულები რომლებიც მძიმედ არიან ავად შესაძლოა გათავისუფლდნენ სასჯელის შემდგომი მოხდისგან გამოჯანმრთელებამდე.

 

 

და თუკი პატიმარი ვერ გამოჯანმრთელდება?

 

 

ამ შემთხვევაში ხდება მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება.

 

 

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსათვის. წარმატებებს გისურვებთ!

 

 

თქვენც ასევე!

 

 

მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში

 


გადაბეჭდვის წესი