საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა  ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.

ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ კანონმდებლობას.

აღმოჩნდა, რომ ჯარში ნამყოფი არაა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილი, რომელიც თანამდებობის პირია და თავად ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონის გამკაცრებას.

  • რა შეიცვალა 13 მაისს „თავდაცვის კოდექსში“

თუ თქვენ ჯარში წასვლა გიწევთ, მაგრამ საზღვარგარეთ ხართ და შეტყობინებას ვერ ჩაიბარებთ, ეს შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.

თუ ათ დღეში სამხედრო გაწვევის კომისიაში არ გამოცხადებით, ავტომატურად ხდებით სამართალდამრღვევი და 1000 ლარით დაჯარიმდებით.

ხოლო თუ ქვეყანაში არ დაბრუნდებით, განმეორებით გამოგიძახებენ და ისევ არ მიხვალთ, მაშინ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებით და თქვენს წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 356-ე მუხლით დაიწყება.

ჯარში გაწვევის ახალი წესის შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა. ეს დადგენილება კი თავის მხრივ დაეფუძნა „საქართველოს თავდაცვის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს მხარი „ქართული ოცნების“ 72-მა, „ხალხის ძალის“ ექვსმა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების წინააღმდეგი იყო „გახარია საქართველოსთვის“ 10 დეპუტატი.

საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განუსაზღვრეს ისეთმა დეპუტატებმაც, რომლებიც თავად არასდროს ყოფილან ჯარში და არ მოუხდიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

„გაქვთ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? თუ კი, რომელ წელს და სად? თუ არ ხართ ნამყოფი ჯარში, გთხოვთ მოგვწეროთ მკაფიო განმარტება, რატომ ვერ ან არ გაიარეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური“, – „ბათუმელებმა“ ეს კითხვები პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მითითებულ მეილებზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს გაუგზავნა.

კერძოდ, ვახტანგ თურნავას, ირაკლი კირცხალიას, ზურაბ რურუას, თორნიკე ფაღავას, გიორგი ხახუბიასა და არჩილ ბერიძეს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები: ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია, ზურაბ რურუა, თორნიკე ფაღავა, გიორგი ხახუბია და არჩილ ბერიძე არ არიან ჯარში ნამყოფი.

„ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა მათთან დაკავშირება. შეკითხვები გავუგზავნეთ მეილზე, გავუგზავნეთ სმს შეტყობინება და თითოეულ დეპუტატთან ვცადეთ დაკავშირება სატელეფონო ზარის საშუალებით.

დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურსაც, რომელსაც გავაცანით ჩვენი კითხვები. პრესსამსახურისგან მივიღეთ დადასტურება, რომ დეპუტატები ნამდვილად იყვნენ ინფორმირებულები და იცოდნენ რა საკითხზე გვსურდა მათგან პასუხი.

5 დღის განმავლობაში არცერთმა დეპუტატმა ჩვენს არცერთ შეტყობინებას არ უპასუხა. გვსურდა ასევე მიგვეღო პასუხი კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ალტერნატიული სამხედრო სამსახური გავლილი.

ცნობისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატებიდან თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ხმა მისცა: ნიკა ელისაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ზურაბ რურუამ, თორნიკე ფაღავამ, გიორგი ხახუბიამ და არჩილ ბერიძემ. 13 მაისის სხდომას არ ესწრებოდა ვახტანგ თურნავა.

თუ რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, მას სტატიაში ავსახავთ.

ერთადერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნიკა ელისაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა.

ჯარში ნამყოფი არც ნიკა ელისაშვილი არაა, თუმცა მან „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გავლილი აქვს „ალტერნატიული სამხედრო სამსახური“ და, შესაბამისად, ჯარში წასვლა აღარ მოუწია.

რა ხდება აჭარაში, აქვთ თუ არა მაღალჩინოსნებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური – ამ კითხვით რამდენიმე უწყებას და ჩინოვნიკს მივმართეთ.

კერძოდ, დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის შვილს, რომელიც ასევე თანამდებობას იკავებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. ასევე დავინტერესდით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დენის სალუქვაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის და უმაღლესი საბჭოს წევრის, გოგი ფუტკარაძის შესახებ ინფორმაციით.

აღმოჩნდა, რომ არცერთი ზემოჩამოთვლილი საჯარო პირი ჯარში ნამყოფი არაა.

ჯარში არაა ნამყოფი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე.

„დენის სალუქვაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ გაუწვევიათ, რადგან  იმ პერიოდში, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდა, განათლებას იღებდა. მას გავლილი აქვს უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა მას არ უწევდა“, – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჯარში არ არიან ნამყოფები არც ცოტნე ანანიძე და არც გოგი ფუტკარაძე.

„2008 წელს ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მთავრობას ჰქონდა 18 დღიანი რეზერვისტების პროგრამა. გამოვცხადდი, არ წამიყვანეს, იმ მოტივით -„ოპოზიციაშია ეს ბიჭი და მთავარსარდალს ეწინააღმდეგებაო“. ამის შემდეგ, ბაკალავრის დასრულებისთანავე, მაგისტრატურაში ჩავაბარე სისხლის სამართალზე. მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, როცა დამიჭირეს. როდესაც ციხიდან გამოვედი, რა თქმა უნდა, აღვადგინე სტატუსი და მერე დავასრულე სამაგისტრო,“ – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

„საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც  განსაზღვრავს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას „გ1“ ქვეპუნქტის თანახმად გახლდით – საზღვარგარეთ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (2010-2018 წწ).

სამხედრო აღრიცხვის სამსახურის მიერ გამოძახებისთანავე სისტემატურად ვცხადდებოდი შესაბამის სამსახურში, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება ხორციელდებოდა უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე (როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო პროგრამების) სწავლის დასრულებამდე,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გოგი ფუტკარაძემ.

  • იყვნენ თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ჯარში?

აქვთ თქვენს შვილებს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური? – ეს კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მიმდინარე წლის მაისში დავუსვით.

ზურაბ პატარაძემ დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

„ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები, ეს არის ჩვენთვის დიდი სიმდიდრე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოჯახებზე და ჩვენს შვილებზე. ის, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მათ შორის საჯარო მოხელე შესაბამისად მიჰყვება ქმედებას,“ – გვითხრა მან.

განმეორებით დასმულ შეკითხვაზე – თქვენი ერთი შვილი საჯარო სამსახურში მუშაობს, აქვს თუ არა მას სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი? – ზურაბ პატარაძემ პასუხს ისევ თავი აარიდა.

„ყველა ქმედება იქნება დაცული, როგორც არის კანონმდებლობით…“ – გვითხრა მან.

ზურაბ პატარაძეს 4 შვილი ჰყავს, 2 ბიჭი და ორი გოგო. ზურაბ პატარაძის უფროსი შვილი, რევაზ პატარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.

ჩვენ მისგანაც ვცადეთ კომენტარის მიღება და პრესსამსახურის საშუალებით ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი.

რევაზ პატარაძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ კითხვაზე პასუხი – ჰქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური რევაზ პატარაძეს, საჯარო ინფორმაციის სახით გამოგვეთხოვა.

ზურაბ პატარაძის მეორე შვილი 20 წლისაა. ის ამჟამად სტუდენტია და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფალია.

Exit mobile version