დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულის საქმე განიხილეს: გიორგი კირვალიძეს 2 თვის წინ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს, მანუჩარ მიქელაძისთვის მისჯილი 5-წლიანი განაჩენი კი ძალაში დატოვეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
კირვალიძისა და მიქელაძის საქმეები პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განიხილა. მან კირვალიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. შეთანხმების პირობების მიხედვით, დაკავებულებს 3-წლიანი პირობით მსჯავრთან ერთად, რეალური საპატიმრო დრო 1 წლით განესაზღვრათ. ეს ნიშნავს, რომ მათ ციხე ოქტომბერში უნდა დაეტოვებინათ.
თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გიორგი კირვალიძე, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა საპროცესოს, ანუ აღიარა წარდგენილი ბრალი და მოინანია ჩადენილი დანაშაული – მოულოდნელად წამოდგა და თქვა, რომ უარს ამბობდა აღიარებაზე.
სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს შეთანხმების დამტკიცების შემდეგ მასზე უარის თქმის შესაძლებლობას.
ამავე თემაზე: „არასდროს არავის უთქვამს უარი საპროცესოზე მისი დამტკიცების შემდეგ” – პროკურორი კირვალიძეზე
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურორმა გაასაჩივრა მის მიერ გაფორმებული შეთანხმება.
კირვალიძის ადვოკატი, ბორის (ჩელე) ყურუა აცხადებს, რომ პროკურატურამ შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით ბრალდებული „გადააგდო“.
„იქ იყო კვალიფიციური მოსამართლე [თამარ მახარობლიძე], რომელსაც შეეძლო დაენახა ეს უარი და მისი ვალდებულებაც კი იყო, რომ არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება თუ აღიარება, როგორც საპროცესო შეთანხმების საფუძველი, არ იყო სახეზე. დღეს დამტკიცდა რაღაც ახალი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.
მოცემული სასამართლოს პირობებში არ ვიცი ამას რამდენად აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური ელფერი.
[…] მაშინ, როცა ჩვენ დაცვის ყველა სტრატეგიაზე ვთქვით უარი, ვენდეთ ბრალდების მხარეს, მივაღწიეთ მათთან შეთანხმებას და გამოვიდა, რომ ბრალდების მხარემ „გადაგვაგდო“, – განაცხადა ადვოკატმა.
სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ შეთანხმებულ საპროცესოზე უარი აღელვების გამო თქვა და რეალურად, მაშინაც ეთანხმებოდა საპროცესოს პირობებს – ბრალის აღიარება და მონანიება. მან თქვა, რომ დღეებს ითვლის შვილებთან შეხვედრამდე.
პროკურორმა ხინთიბიძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წერილობით დაფიქსირებული აღიარების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კირვალიძემ სხვა პოზიცია დააფიქსირა.
„განაჩენის გამოცხადების დროს მან [გიორგი კირვალიძემ] განმარტა, რომ აღარ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და გაგვეუქმებინა საპროცესო შეთანხმება. ვინაიდან განაჩენის გამოცხადება დასრულებული არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის აღიარება, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს საპროცესო შეთანხმებას. ამის გამო გააუქმა სააპელაციომ აღნიშნული განაჩენი”, – განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.
გიორგი კირვალიძის საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.
რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, სააპელაციოს მოსამართლე კერატიშვილმა ძალაში დატოვა საქალაქოს მოსამართლე მახარობლიძის გადაწყვეტილება 5-წლიანი პატიმრობის შესახებ. მიქელაძე საქალაქო სასამართლოშივე აღიარებდა, რომ ჩაიდინა ქმედება, რასაც ედავებოდნენ, თუმცა არ აღიარა წარდგენილი ბრალი, არ ცნო თავი დამნაშავედ და კატეგორიული უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
პატიმრობის მისჯის შემდეგ „ბათუმელები“ მანუჩარ მიქელაძის ცოლს, დიანა მიქელაძეს ესაუბრა. ის ამბობდა, რომ არ აქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. თუმცა, გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, რადგან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენონ თავიანთი სიმართლის გასაჟღერებლად.
მანუჩარ მიქელაძის ადვოკატი, გურანდა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მიუკერძოებელი სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებდა.
„მარტივად ავუხსენით მოსამართლეს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერ დაადასტურა მოწვეულმა მოწმემ, ვერ დაადასტურა საქმეში გამოკვლეულმა ვერცერთმა მტკიცებულებამ. თუმცა, რატომღაც, სასამართლოს შინაგანი რწმენა არ გაუჩნდა იმისა, რომ აღნიშნული პიროვნების [მანუჩარ მიქელაძის] მიმართ არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული კვალიფიკაცია.
თუკი სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თუკი საქმის განხილვა იქნებოდა მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და უნდა მოეხდინა ცვლილება. თუმცა, დღეს მივიღეთ ის შედეგი, რასაც, ალბათ ველოდით, იმიტომ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“ – ამბობს ადვოკატი.
როგორც მანუჩარ მიქელაძეს, ისე გიორგი კირვალიძეს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევას: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაიკითხეთ მანუჩარ მიქელაძის ოჯახის ისტორია:
„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი