ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია.


2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას ქონების მაშინდელ მფლობელზე, შპს „ჰესტოკ ბათუმზე“ აქვს გაცემული. აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, ამ კომპანიამ ბათუმგორას ტერიტორიაზე მოაწყო საბაგირო გზა და გასართობი ცენტრი „არგო“, ააშენა ეკლესია.

2022 წელს კომპანიის ეს ქონება შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანიაზე“ გადააფორმეს, შემდეგ კი ედნარ პაპუნაშვილის კომპანიამ „გთმ ინვესტმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა.
2023 წელს შპს „გთმ ინვესტის“ მაშინდელმა დირექტორმა, ჯუმბერ ჭყონიამ მინდობილობა გაუფორმა შპს „სტრუდია 9“-ის დირექტორს, რომელსაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები უნდა მოემზადებინა და მერიაში კომპანიის სახელით წარემართა პროცედურები.
ამავე წელს მერიას მიმართეს კიდეც და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყო. კომპანია პროექტის განმარტებით ბარათში წერდა, რომ საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმროების, ასევე კომერციული ფართობების მშენებლობას გეგმავდა.
„საპროექტო მოცულობა 6 სართულიანია. საპროექტო ტერიტორიაზე სიმაღლის მაჩვენებელი რეგულირდება საპროექტო ფუნქციური ზონის საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3) შესაბამისად. შენობის სივრცითი გადაწყვეტის დაგეგმვის მნიშვნელოვან არგუმენტად მიგვაჩნია საპროექტო ობიექტის ბლოკების მცირე მოშენების მაჩვენებელი. ეს გაცილებით ზრდის ტერიტორიაზე გამწვანებული და ღია სივრცეების დაგეგმარების შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ედნარ პაპუნაიშვილი „ბათუმში“ ცნობილია, როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია.
ედნარ პაპუნაიშვილი არის სწორედ ის ბიზნესმენი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ შვილს პომპეზური ქორწილი გადაუხადა ბათუმის სანაპიროზე „რესტორან G 17 -ში. სიძის მეჯვარე იყო ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა, ის ქორწილს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაესწრო.
სხვათა შორის, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ქორწილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. მეგობრის შვილის ქორწილში მისვლა ცალკე აღსანიშნი ამბავი ალბათ არ უნდა იყოს, თუმცა საქმე ისაა, რომ G 17-ის მფლობელ კომპანიას მუნიციპალიტეტთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუთავდა, რესტორანი კი ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ხელშეკრულების გარეშე აგრძელებს, ანუ უკანონოა.
უკანონო რესტორანში მთავრობის თავმჯდომარის ქეიფი კი, კითხვებს ყოველთვის იწვევს.
ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:
კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში