„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.

დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ.

  • საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცა: 49 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდია“. ამ საქმიდან  11 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშაა“, იგივე გოჩა ჯინჭარაძე. იგი ძებნილია.

ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ქალი – ლიანა ჯ.-ც. მას „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვას ედავებიან. ამ ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ისე, რომ ციხეში არ გაუშვიათ.

ლიანა ჯ. ბათუმის საქმეში ცენტრალური ფიგურაა: მან სასამართლოს უთხრა, რომ ფულს აგროვებდა, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის შეყვარებულმა კი, ფული მიითვისა. ამ ფულის დასაბრუნებლად ქალს ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გიორგი ხ-თვის მიუმართავს, რომელიც დღეს ასევე ბრალდებულის სკამზეა და მოსამართლეს უთხრა, თქვენთვის ჩვენების მოცემა მინდაო.

„გიორგიმ ლიანა ჯ-ს უთხრა, რომ თანხა დაგიბრუნდება, ოღონდ ნახევარი მე უნდა მომცე, ასეთია წესებიო,“ – აღნიშნა თავის დასკვნით სიტყვაში პროკურორმა თემურ გურამიშვილმა და დეტალურად აღწერა, გამოძიების ვერსიით, როგორ შედგა „ქურდული გარჩევა.“ პროკურორის თქმით, სწორედ „ყურშამ“ მისცა დავალება გიორგი ხ.-ს, როგორ უნდა ემოქმედა მისი სახელით.

ამ „გარჩევის“ მონაწილე ყოფილა ლიანა ჯ.-ს ყოფილი ქმარიც – ბესიკ ნ, რომელიც ამ საქმეში ასევე ბრალდებულია, პატიმრობაშია და მოსამართლის განაჩენს ელის.

„ტყუილია ეს ყველაფერი, გაუგებარია, რატომ თქვა ეს,“ – ყოფილი ცოლის ჩვენებაზე პროკურორის შეკითხვას ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა ბესიკ ნ.-მ.

პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ლიანა ჯ.-ს აღიარებითი ჩვენების გარდა ფარული სატელეფონო ჩანაწერებია. ექსპერტიზით დასტურდება, რომ ხმები ბრალდებულებს ეკუთვნით, ბრალდებულები კი, წარდგენილ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ  სატელეფონო ჩანაწერები რეალური არ არის.

„რის გამოც ვარ დაკავებული, უმეტესი წილი აბსურდია – არანაირი „ქურდული“… ბრალი ისეა წარდგენილი, ვერ დავეთანხმები ვერაფერში,“ – უთხრა მოსამართლეს გიორგი ხ.-მ და დასძინა, რომ „შემთხვევით“ მოხვდა შეხვედრაზე, სადაც მეგობრულად თანხის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.

„მომმართეს და მივედი, ასე არ იყო,“ – პროკურორს გამოხედა ბრალდებულმა. მისი თქმით, იგი გოჩა კახიძეს [ადვოკატების თქმით, გოჩა კახიძე იგვე გოჩა ჯინჭარაძეა, მეტსახელად „ყურშა“] საერთოდ არ იცნობს.

„თქვენ არ დაhპირდით ლიანა ჯ.-ს თანხის აღება?“ – ჩააცივდა ბრალდებულს პროკურორი.

„არა, ეს სიცრუეა,“ – კატეგორიული ხმით მიმართა პროკურორს ბრალდებულმა და გისოსებს მიეყრდნო.

„აქ რაც გაჟღერდა სატელეფონო საუბარი, ეთანხმებით?“ – საქმის მთავარ მტკიცებულებაზე გადაერთო პროკურორი.

„რაღაც მონაკვეთებში კი,“ – უპასუხა პროკურორს ბრალდებულმა.

„ექსპერტმა თქვა, რომ ეს იყო გიორგი ხ-ს, ანუ თქვენი ხმა…,“ – პროკურორმა ბრალდებულს ჩანაწერის იმ მონაკვეთზე მიუთითა, სადაც საუბარი თანხის აღებაზეა.

„არ ვადასტურებ, რა თანხა, რის თანხა,“ – ხალხით სავსე დარბაზს გამოხედა ისევ ბრალდებულმა.

„მოხდა ბავშვებს შორის გაუგებრობა და დავილაპარაკეთ მეგობრულად, დავილაპარაკეთ ადამიანურად, არ გვიჩხუბია… ქურდული ჩარევა გაuგებარია ჩემთვის საერთოდ,“ – აღნიშნა ბესიკ ნ.-მ, რომლის ყოფილი ცოლის ჩვენებითაც, „ქურდული გარჩევა“ ნამდვილად მოეწყო. ამ ბრალდებულსაც შეახსენა პროკურორმა ის ამბავი, ექსპერტმა სატელეფონო ჩანაწერში თქვენი ხმის ტემბრი დაადგინაო.

„მე რაც მოვისმინე, არ არის რეალური… ასეთი საუბარი არ ყოფილა,“ – თქვა ბრალდებულმა.

„მეძინა და ხმაურზე გამეღვიძა, ავტომატიანი ხალხი იყო უკვე ჩემს საძინებელში,“ – დაკავების დღე გაიხსენა ბრალდებულმა გიორგი კ.-მ. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასაც ედავებიან. ჩხრეკის დროს ბრალდებულის ბინაში უკანონო ნივთი არ აღმოუჩინათ, თუმცა პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა იარაღი საძინებლის ფანჯრიდან გადააგდო.

„მიზეზი არ უცნობებიათ, რის გამო დამაკავეს… მე-2 თუ მე-3 დღეს იზოლატორიდან აქ რომ მოგვიყვანეს, მერე გავიგე ადვოკატისგან, რასაც მედავებოდნენ… არასდროს არ მქონია კომუნიკაცია, არ ვიცნობ,“ – აღნიშნა ბრალდებულმა „ყურშას“ ნაწილში. მის წინააღმდეგაც აქვს პროკურატურას სატელეფონო საუბრები „ყურშასთან“.

ბრალდებულების ნაწილმა დღესაც დუმილი არჩია, მაგალითად, მურმან ც.-მ. მის წინააღმდეგაც ძირითადად სატელეფონო ჩანაწერებია. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავებიან. საქმეში არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ამ ბრალდებულმა კონკრეტული ქმედებით გამოუხატა მხარდაჭერა „ქურდულ სამყაროს“.

——-

ბათუმის საქალაქო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე: ნინო სახელაშვილი და ვიქტორ მეტრეველი ცალ-ცალკე განიხილავენ ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეს. საუბარია ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, როცა ერთდროულად 72 პირი დააკავეს. ამ საქმეების არსებითი განხილვა სექტემბერში გაგრძელდება.

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

Exit mobile version