აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და ნამდვილად სცადეს თუ არა მასზე თავდასხმა.

„პირადი ამბავი იყო. გაახსენდა რაღაც და პროვოკატორობა სცადა. მუზეუმში შიგნით ტრიალებდა, მავნებლობდა და გამოვიყვანე გარეთ, რადგან გაიგონა ყველამ მისგან უზრდელობა. ცხადია, არ მოვითმენდი ამდენს“, – გვწერს ზაურ ახვლედიანი.

მიიღეთ თუ არა რაიმე ფიზიკური დაზიანება ამ ინციდენტის დროს? – ვკითხეთ ზაურ ახვლედიანს. კითხვაზე ასე გვიპასუხა: „ხელიც არ გაუქანებია. გაილახა და დაგვანება თავი“, – მოგვწერა მან.

ზაურ ახვლედიანი გვიდასტურებს იმ ფაქტსაც, რომ კაცი, რომელმაც მასთან დაპირისპირება სცადა საჯარო სივრცეში, მისი ნაცნობია, თუმცა ამ პირის ვინაობას არ ამხელს. „საჯარო მოხელე არ არის, ბიზნესი აქვს“, – გვეუბნება ახვლედიანი.

მას ასევე ვკითხეთ, მიმართა თუ არა პოლიციას და დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება? ზაურ ახვლედიანი გვწერს, რომ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან არ მიუმართავს პოლიციისთვის.

______________

მსგავს თემაზე:

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version