„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“ – აცხადებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად.
საელჩოს კომენტარი „თავისუფლებამ“ დღეს, 28 ივლისს გამოაქვეყნა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
„თავისუფლება“ წერს, რომ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატი ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკ-პოსტის გამო ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავეს ადმინისტრაციული წესით.