ბათუმში, წინააღმდეგობის აქციაზე, ქართული დოკუმენტური კინოს დღეები გრძელდება.
დღეს და ხვალ, 17-18 ივლისს, კინოჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარედ, 21:00 საათზე დაიწყება.
17 ივლისს აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ მაკა გოგალაძის ფილმს – „შენზე ვფიქრობდი ახლა”. დოკუმენტური ფილმი ეძღვნება 90-იანი წლების ქუთაისის ყოველდღიურობას, კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ირეკლება საზოგადო და ოჯახურ არქივებში.
18 ივლისს კი ნაჩვენები იქნება ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის 2019 წლის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი” – ფილმში აღწერილია საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ახალი გვირაბის მშენებლობის პროცესი.
„ამ გვირაბმა ჩინეთიდან ევროპამდე გზა უნდა შეამციროს. აქამდე თითქოს დროში გაყინული სივრცე დიდი ცვლილებების მოლოდინით ივსება, თუმცა იმედებისა და დაპირებების მიუხედავად, უკეთესი მომავალი არ ჩანს. სოფელში შემოჭრილი გვირაბი ახალი გამოწვევების მიზეზი ხდება. ამბოხს ჯერ ადამიანები იწყებენ, შემდეგ კი ბუნება”, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
ჩვენებები 21:00 საათზე დაიწყება.