სიახლეები

წამება – საქმე, რომელიც შეიძლება ჰააგამდე მივიდეს

03.02.2015 • 1016
წამება – საქმე, რომელიც შეიძლება ჰააგამდე მივიდეს

როდესაც დასტურდება, რომ ადამიანებს აწამებენ ინსტიტუციურად, ამ შემთხვევაში როგორია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?

ინსტიტუციურად ეს უნდა შეაფასოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჰააგის სასამართლომ. არსებობს გარკვეული მექანიზმები, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცედურაა და პასუხისმგებლობაც კონკრეტულ ადამიანებთან მიდის, შეიძლება პრეზიდენტის ან რომელიმე მინისტრის გასამართლება მოითხოვო… მაგრამ ეს არის მრავალწლიანი პროცედურა, ასეთი მასშტაბური მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც წამების ცენტრის თანამშრომელი, დარწმუნებული ვარ, ეს იყო წინასწარგანზრახული, გამიზნული გეგმა. სიტუაციის მართვის გეგმაში წამებას თავისი კონკრეტული და უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

 

ამ პატიმრების წამების საქმე ჰააგის სასამართლომ რომ განიხილოს, რა მტკიცებულებებია საჭირო?

უნდა დამტკიცდეს, რომ ამაში მონაწილეობდა ყველა ის პირი, ვინც სისტემას მართავდა. უნდა დამტკიცდეს, რომ წამების შესახებ იცოდა ხათუნა კალმახელიძემ, დიმიტრი შაშკინმა, ბაჩო ახალაიამ და ისინი მოქმედებდნენ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მათ მიიღეს ზემოდან – პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტისგან. ამ ადამიანებმა ადგილობრივ სასამართლოებში უნდა გაიარონ ყველა ეტაპი და შემდეგ საერთაშორისო სასამართლო. თუ სტრასბურგში დაგროვდა საკმარისი მასალები, შემდეგ უკვე ჩაერთვება საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც იტყვის, არის თუ არა ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

 

ანუ მსხვერპლმა ისევ ქართულ სასამართლოებში უნდა ამტკიცოს, რომ მას ჯალათები აწამებდნენ?

რა თქმა უნდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად სამართლიანი სასამართლოც კი ამას ვერ გაექცევა. ჩვენ გვახსოვს მასობრივი წამების ფაქტები, განსაკუთრებით ორთაჭალის ციხის დაშლა, როცა პატიმრები გლდანში გადაჰყავდათ. სპეცრაზმთან ერთად ბაჩო ახალაია უსწორდებოდა პატიმრებს. თუ ეს დამტკიცდა, ძალიან დიდი სკანდალი იქნება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს მარტივად დამტკიცებადია.

 

ამასთან, თუ წამება დაკავშირებულია მსხვერპლის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, მაშინ საქმე იშლება – ჩვენება მთლიანად ძალადაკარგულია… სასამართლო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ აღიარებით ჩვენებაზე იყო დაყრდნობილი, შეიძლება მალე კრახის წინაშე დადგეს. თუ დამტკიცდა, რომ წამებას ჰქონდა ჩვენების გამოძალვის ხასიათი, ეს ხდებოდა ადამიანებისგან ფულის გამოძალვის, საპროცესო შეთანხმების, მათი აგენტებად ქცევისთვის, ან უბრალოდ მათი თავიდან მოშორების მიზნით, ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი საერთაშორისო ტრიბუნალის დანიშვნისა.

 

ორთაჭალის ციხის შემთხვევაში მტკიცებულებები არსებობს?

რა თქმა უნდა. ეს ადამიანები იყვნენ საღსალამათები ორთაჭალის ციხეში და შემდეგ მრავალი მათგანი გლდანის ციხეში ხერხემალგადამტვრეული მიიყვანეს. ვინც ცოცხალი დარჩა, დადიან ეტლებით, მრავალ მათგანს აქვს მოტეხილობა – ნეკნების, კიდურების, თავის, აქვთ ნაჭდევები. არის უამრავი ჩვენება და სამედიცინო პროფილის ჩანაწერი… გარდა ამისა, პოლიციელები, ქურდებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ძალიან მალე იძლევიან აღიარებით ჩვენებას, ასევე ადვილად ადებენ ხელს ბრძანების მიმცემებს. ამის დამტკიცება პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

 

მტკიცებულებები რა სახის უნდა იყოს, მოწმეების ჩვენება საკმარისია?

ეს უნდა იყოს მოწმეების დაკითხვა, მათი დაზიანების შეფასება, არეალი – რამდენ საპატიმროში ხდებოდა ასე, რა მიზეზით ხდებოდა, რა იყო წამების მიზანი. ყველა კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც წამებას აქვს ასეთი ტოტალური, მასობრივი და ინსტიტუციური ხასიათი, ეს არის დანაშაული ადამიანების წინაშე.

 

თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, ის, რაც ვნახეთ, არის თუ არა სისტემური დანაშაული?

რაც ვნახეთ, იმის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და ამ დანაშაულს სახელმწიფო უკვეთავდა. მე მისაუბრია ძალადობის მსხვერპლთან, მას გადაღებული ვიდეომასალით აშანტაჟებდნენ, მოაწერინეს ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე და ითხოვდნენ მისგან ინფორმაციას

 

ამ ადამიანს არც მკურნალობა უნდოდა, არც ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, იმიტომ მოვიდა, რომ გაეგო, როგორ დაეღწია თავი სპეცსამსახურებისთვის. მხოლოდ ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი.

 

მსხვერპლთა მიმართ სახელმწიფოს რა ვალდებულება აქვს?

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც აწამეს, აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია. აუცილებლად უნდა მიიღოს კომპენსაცია. სახელმწიფოს აქვს უფლება სასამართლოს გარეშე, ამ ადამიანებზე პირდაპირ აიღოს ვალდებულება, ანუ აღიაროს თავისი დანაშაული სასამართლოების გარეშეც. ტუღუშმა უკვე გამოაცხადა, რომ დაწყებულია მათი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის პროცედურები. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უკვე აღიარა, რომ ისინი წამების მსხვერპლნი არიან. სხვა შემთხვევებში ამის დამტკიცება მოუწევთ პირებს, ან პირთა ჯგუფებს.

 

კომპენსაციას თავად სახელმწიფო განსაზღვრავს?

შეიძლება სახელმწიფომ თვითონვე განსაზღვროს კომპენსაცია, თუ მოურიგდა მხარეს. თუ ვერ მოურიგდა, მაშინ ევროსასამართლო განსაზღვრავს.

 

ისინი შეიძლება გამოუშვან კიდეც… ის საწყალი ბიჭუნა, რომლის სახელი და გვარიც დაასახელეს, იმედი მაქვს, რომ უკვე გაათავისუფლეს. თუ არ არის გათავისუფლებული, შევეცდები მაქსიმალურად გავახმაურო, რომ ეს ბავშვი მაინც გამოუშვან და სხვა არასრულწლოვნებიც. ცნობილია, რომ ეს ყმაწვილი ნარკოდანაშაულისთვის ზის. ეს ადამიანი ჯერ სისტემამ გაწირა და დაასახიჩრა და მერე ჩვენ, საზოგადოებამ, მის ხარჯზე, ჩვენი სურვილების რეალიზაცია მოვახდინეთ – სახელი, გვარი გამოვაცხადეთ, დამნაშავე რეჟიმი რომ გვემხილებინა. ამით ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, მაგრამ მას ფეხებით შევდექით.

 

ყოფილი სახალხო დამცველისთვის ციხეების ჩაბარების შემდეგ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ვიღაცებს კვლავ არ აწამებენ?

არ გამოვრიცხავ წამების გაგრძელებას – უამრავი ჯალათი ისევ ციხეებში მუშაობს. შეიძლება მერვეში არაფერი ხდება, მაგრამ ქსანია, ქუთაისია, რომელიც ცნობილი იყო წამებით, ათობით დაწესებულებაა, სადაც იგივე ხალხია. არ გამოვრიცხავ, ჯურღმულებში დღესაც იმავეს იმეორებდნენ ჩვენების გამოსაძალად, განსაკუთრებით პოლიტიკური შეკვეთები არსებობს – შეიძლება ადამიანებს აიძულონ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა. შეიძლება ეს ადამიანები ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილოთ ტელეეკრანებზე. არც ამას გამოვრიცხავ.~

 

ამ ყველაფერში როგორია გიორგი ტუღუშის პასუხისმგებლობა?

ჩვენ გვყავს გიორგი ტუღუში ციხის მინისტრად, მაგრამ აღარ გვყავს ომბუდსმენი, წარმოგიდგენიათ, დაჩი ცაგურია სცემეს პოლიციაში, ვის უნდა მიმართოს ამ ადამიანმა ძალიან საინტერესოა, სახალხო დამცველი არ გვყავს ქვეყანაში და ვერც ავირჩევთ, რადგან მას მხოლოდ პარლამენტი ამტკიცებს…

 

რაც შეეხება წამების მსხვერპლთ – ამ ჯგუფთან მიმართებაში გიორგი ტუღუში მთლად სპეტაკი არ არის. იყო პატიმარი, რომელმაც წერილი გამოაგზავნა, რომ ერთ კვირაში მოკლავდნენ. ის ერთ კვირაში მართლაც ჩამომხრჩვალი იპოვეს… ამ ადამიანის სიცოცხლე ტუღუშის სინდისზეა – ის ვალდებული იყო მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ჰყოლოდა ეს პატიმარი. როდესაც პატიმარი აცხადებს, რომ არ აპირებს თვითმკვლელობას, მაგრამ მას აუცილებლად მოკლავენ, ეს იბეჭდება მედიაში, გადის ტელევიზიებში და ამ ადამიანს კლავენ, შენ ამ პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევი. ის ვალდებული იყო, ამ ბიჭისთვის მიეხედა. 

 

გარდა ამისა, 2010 წელს ტუღუშმა განაცხადა, რომ ჩვენს საპატიმროებში არა თუ სისტემური, წამება საერთოდ არ არის, როდესაც, ფაქტობრივად, აპოგეა იყო წამების. მან თავის მონიტორინგის ჯგუფში შეიყვანა ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ აპელირებულები იყვნენ ხელისუფლებასთან. წინა ჯგუფის დროს წამების ასეთი ფაქტები აუცილებლად გახმაურდებოდა.

 

რა პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას?

ყველა ჩვენგანი არის დამნაშავე და ეს უნდა ვაღიაროთ. მაგრამ მეორე მხრივ, ვიცი, რომ თქვენი გაზეთი ბევრ ფაქტზე წერდა, ასევე ძალიან ბევრ ფაქტზე წერდა ჩვენი ორგანიზაცია, ტელევიზიებში იყო ათობით ჟურნალისტური გამოძიება წამების შესახებ. ვისაც გვევალებოდა გავკიოდით, მაგრამ გარღვევას ვერ მივაღწიეთ. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა დანაშაულის სისტემურობის.

 

 

როდესაც გაეროს კომიტეტი, ევროკავშირის სპეციალური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველი, შენი უფლებადამცველები, პატიმრების ოჯახები გეუბნებიან, რომ შენთან ხდება წამება და შენ არ ინტერესდები, ეს არის დანაშაულის დაფარვა. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა ჩვენი ხელისუფლება თუ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო ჩავატარეთ…

 

 

როდესაც ადამიანს აუპატიურებენ ხელკეტით ან ჯოხით, ეს ადამიანი საზოგადოების თვალში ხდება კეთროვანი, სტიგმატიზებულია ის არათუ კრიმინალური სამყაროსთვის ციხეში, არამედ მისი უახლოესი მეგობრების, ნათესავების თვალშიც კი. სწორედ ეს აძლევს სისტემას ამ ადამიანების გაუპატიურების სურვილს. დენზე როცა აერთებენ ადამიანს, არ მივიჩნევ, რომ ის დამცირებულია, მაგრამ როგორც კი სექსუალური ძალადობაა, ეს ადამიანი საზოგადოების თვალში ნულის ქვევით ჩამოდის. სწორედ, ეს არის ძირითადი საფუძველი სექსუალური ძალადობის. ეს სტიგმა რომ არ არსებობდეს საზოგადოებაში, ამგვარ ბარბაროსულ ქმედებებს მხოლოდ წმინდა წყლის მანიაკები ჩაიდენდნენ, ანუ სისტემა ასეთ დანაშაულს არ შეუკვეთავდა.

საზოგადოებამ ამას თუ არ შეხედა სხვანაირად, ჩვენ ვიქნებით საზოგადოება ბარბაროსული ელემენტებით.

გადაბეჭდვის წესი