ბათუმში, გორგასლის #70-ში ისტორიული სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა, რასაც მოქალაქეები აქტიურად გამოეხმაურნენ.

მოქალაქეებმა ამ ამბავთან დაკავშირებით დაწერეს სამოცზე მეტი კომენტარი, სადაც მეტწილად სინანულს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბათუმის ისტორიული სახლები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ისტორიული სახლები სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ისე, რომ მისი ავთენტური სახე უცვლელი დარჩეს.

ამ პოსტის კომენტარებში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი გამოყენება რეკონსტრუქციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ინფორმაციის დასადასტურებლად მან სახლის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნაც გამოაქვეყნა. მას უპასუხეს, რომ ისტორიული სახლის ამ მდგომარეობამდე მიყვანა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.

მოქალაქის ფოტო, რომელიც წერს, რომ სახლის რესკონსტრუქცია აუცილებელი იყო
მოქალაქის ფოტო, რომელიც წერს, რომ სახლის რეკონსტრუქცია აუცილებელი იყო

ნგრევის ამსახველი ფოტო მასალა მოქალაქეებმა „ბათუმელებსაც“ გამოუგზავნეს.

ადგილზე გამოკრულია მშენებლობის ნებართვის ასლი, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ ამ სახლის რეკონსტრუქციის ნებართვა 2025 წელს გასცა.

გორგასლის #70

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია და სახურავის ნაცვლად ღია ფუნქციური ტერასის მოწყობა, შენობა ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან 7.0 მეტრ სიმაღლეზე. ნებართვაში ვკითხულობთ, რომ ნებადართულია გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ წინა, გორგასლის ქუჩის მხარეს არსებულ ფასადს ინარჩუნებენ. ითვალისწინებს თუ არა ამას ნებართვა არ ვიცით.

პროექტის რენდერი

სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს – ამ ქუჩაზე რამდენიმე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ბოლო წლებში ბათუმში არამხოლოდ ისტორიული სახლები, ძეგლის დაცვის ზონაში არსებული ნაგებობები, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც დაანგრიეს, ბევრმა ძეგლმა კი ავთენტური სახე იმ სტრუქტურის თანხმობით დაკარგა, რომელსაც მისი დაცვა და შენარჩუნება ევალება.

ბათუმის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბოლო წლების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული სახლების მოვლა-შენარჩუნება ბათუმის მერიის პრიორიტეტი არ არის და მთავარი მშენებლის სურვილია, რომელსაც  „ფულის კეთება“ სწორედ ძველის ნგრევის ხარჯზე სურს.

იშვიათად ნახავთ ან შეიძლება უფრო სწორი იყოს თუ ვიტყვით, რომ საერთოდ ვერ ნახავთ ბათუმში მშენებელ კომპანიას, რომელსაც მართლა სურს ახალი უბნის მშენებლობა – ახლის შექმნა, მათ უმეტესად ჩანაცვლება სურთ.

ბათუმმა ვერც ძველი ბათუმის განაშენიანების შენარჩუნება შეძლო მისი ავთენტური სახით, წლების წინ კონსერვაციის შესახებ ხმამაღლა გამოაცხადეს, თუმცა მალევე ამ გადაწყვეტილებას „ფულმა სძლია“.

ბოლოს და ბოლოს ბათუმი ის ქალაქია, რომელზეც 2020 წელს მოქმედმა „ოცნების“ პრემიერმა ხმამაღლა თქვა „ მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა“ 

სხვათა შორის, მაშინ ის „ოცნების“ ნაქები პრემიერი იყო ჯერ „სუპერძალოვანი“ , შემდეგ კი „ მაგარი კრიზისმენეჯერი“.

თუმცა „ფულის კეთების დრო“, რეალურად არ მორჩა, ბათუმს გენგეგმა ისევ არ აქვს.

სახლი ბათუმში, გორგასლის #70-ში რეკოსტრუქციის დაწყებამდე ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ხელშეკრულება ქალაქის გენგეგმის მომზადებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, 2021 წლის აპრილში გააფორმეს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო და ჯერაც არ დასრულებულა.

ბოლო ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაუგრძელებიათ, გადაწყვეტილებას ხელი ბათუმის მოქმედმა მერმა გიორგი ცინცაძემ მოაწერა.

ისტორიული სახლისგან ფასადი დატოვეს, როგორ გამოიყურება რეკონსტრუქცია ბათუმში მერიის ნებართვით

Exit mobile version