2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ.

ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი.

მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 164 ქვეითი იყო: 58 ქალი და 110 კაცი.

2024 წელს კი საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.

მხოლოდ ეს მონაცემები რომ დავაჯამოთ, გამოდის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მინიმუმ 298 ქვეითი დაიღუპა ავარიის შედეგად. ბოლო თვეების სტატისტიკა ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ბოლო თვეებში ინფორმაცია გავრცელდა ავტოავარიის შედეგად არაერთი ქვეითის დაღუპვის შესახებ – ბოლო ასეთი შემთხვევა 13 ივლისს მოხდა გორში, სადაც ქვეითად მიმავალ 44 წლისა ქალსა და 3 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. დედა-შვილი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა.

იგივე შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ავარიების ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:

მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; შეჯახება დაბრკოლებაზე; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა და ა.შ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version