დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა შესაძლოა შევიდეს უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მიზნით მოსალოდნელ სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში – კიშინიოვი რეგულარულად აყენებს ამ საკითხს ევროკავშირთან პარტნიორების ფარგლებში მოლაპარაკებების დროს.

ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ახლახან ეროვნული ტელევიზიის ეთერშიც განაცხადა, რაზე დაყრდნობით ინფორმაციას მოლდვური სააგენტოებიც ავრცელებენ.

მედია ამ საკითხის მიმოხილვისას წერს, რომ რუსული ჯარების უკანონოდ ყოფნა დნესტრისპირეთში, რეგიონში კონფლიქტის მოგვარების ძირითად საკითხებს შორის რჩება.

„უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა გაითვალისწინოს დნესტრისპირეთის საკითხიც. კერძოდ, რუსული ჯარების რეგიონიდან მშვიდობიანი გზით გაყვანა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

მოლდოვას პრეზიდენტი ასევე შეეხო დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაკავებულ მოლდოვის მოქალაქეთა საკითხს. ზოგიერთი მათგანი სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა დაკავებული და კიშინიოვი, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოსთან ერთად, მუშაობს მათ გათავისუფლებაზე. 

დნესტრისპირეთის რეგიონი მოლდოვას ნაწილია და აქედან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ყველა დისკუსიაში განიხილება. 

____

ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთმა თავისი სამხედრო ნაწილები საბოლოოდ 2007 წლის ნოემბერში გაიყვანა. თუმცა, რუსეთს ჯარები არასდროს გაუყვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version