პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, 16 ივნისს, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც „მედია ჩეკერი“ წერს, ხაინდრავა „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარს ითხოვს.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, სადაც წერია, რომ ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს.
„სარჩელში წერია, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში – „ბოდიშიდან შენდობამდე – რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები:
1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“
2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც – „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი – შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“.
„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.