„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს.

„სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო.

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს  უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი გუნდისთვის.

შვიდი წლის შემდეგ, კლუბი „სინერგიის“ გუნდი ფასიან სერვისზე გადადის, თუმცა ჩვენი მისია და ღირებულებები უცვლელი რჩება – ხარისხიანი, გულისხმიერი მომსახურება უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მადლობას ვუხდით ყველა მოზარდსა და ახალგაზრდას, ოჯახს და პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. თითოეულ თქვენგანთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ თანდათან შევძლებთ, საფასურის გარეშე – კლიენტების შეზღუდულ რაოდენობას მაინც მოვემსახუროთ“-აღნიშნული განცხადება „სინერგიამ“ დღეს, 25 მაისს გააკეთა, ფეისბუქის გვერდზე.

ორგანიზაციის ცნობით, „სინერგია“ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წელიწადში დაახლოებით 400 ადამიანს უწევდა უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელიწადში არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის „გრანტების შესახებ კანონი“, რომელიც საქართველოში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს და კერძო პირებსაც კი, უკრძალავს უცხოური დაფინანსების მიღებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე არაერთი ორგანიზაციის მუშაობა შეფერხდა ან შეწყდა.

მოქალაქეები უკვე ხშირად ვეღარ ახერხებენ უფასოდ მიიღონ იურიდიული ან სხვა სახის მომსახურება, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებდა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version