მთავარი,სიახლეები

რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში

29.04.2026
რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში

„ქართული ოცნება“ ცვლის კანონს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“.

კერძოდ, შვილად აყვანის მსურველ პირებს, თავიანთი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ. ისინი თავად შეაგროვებენ დოკუმენტაციას, წარადგენენ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდეგ პროცედურებს მიჰყვებიან.

ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1571 მშვილებელი პირი/ოჯახი.

  •  რა იცვლება

არსებული კანონით შვილად აყვანის მსურველი პირები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სოციალურ აგენტს უნდა შეევსო მათი ანკეტა, შეეფასებინა მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შედეგად ოჯახებს მიეღოთ სარეიტინგო ქულა და შემდეგ ამ ქულების ამონაწერი წარედგინათ ჯანდაცვის სამინისტროში.

საკანონმდებლო ცვლილებით, შვილად აყვანის წესს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

აუცილებელი ხდება შვილად აყვანის მსურველმა პირმა შეაგროვოს თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია. კერძოდ, პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია.

ამის შემდეგ პროცესი რამდენიმე ეტაპიანია.

პროცესის პირველ ეტაპზე შვილად აყვანის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში.

მეორე ეტაპზე – შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც პირი სამინისტროში წარადგენს, შესაძლებელი იქნება, დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.

საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.

მშვილებლად რეგისტრირებული პირი, ვალდებული იქნება გაიაროს შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სააგენტოს წარუდგინოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.

კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა.

სამინისტრო განმარტავს ცვლილებების მიზეზს.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული მიდგომა, რომელიც ადგენს ვალდებულებას, შვილად აყვანის მსურველი პირის მყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად გამოყენებულ იქნეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, შეუსაბამობაშია როგორც საკუთრივ აღნიშნული ბაზის ფორმირების მიზნებთან, ისე – შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის რეალურ საჭიროებებთან.

კანონში ცვლილებების განხორციელების მიზანია, ერთი მხრივ, შემოიღოს გაუმჯობესებული მექანიზმები, რომლებიც რეალურად ასახავს ბავშვის შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მატერიალური კეთილდღეობის დონეს და ხელს შეუწყობს შვილად აყვანის/მინდობის აღზრდის ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის გაჯანსაღებას და რეალურ მიზნებთან მის დაახლოებას განაპირობებს,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.