„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე.
ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მოსახლეობას ამ ქუჩებზე გადაადგილება ტალახის და გუბეების გამო განსაკუთრებით წვიმიან ამინდში უჭირს. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას უთხრეს, რომ სამუშაოები 2026 წლის მაისში დასრულდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ აქ მძიმე ტექნიკას სამუშაოები შეუჩერებია. ადგილზე მძიმე ტექნიკა „ბათუმელებსაც“ გაჩერებული დახვდა.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი

მანანა ბერიძე
„ბავშვთან ერთად გადაადგილება კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“ – გვიყვება მანანა ბერიძე, – „ხელში აყვანილი მიმყავს… ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ. სიცხეში გაუსაძლისი მტვერია. ტალახიანი ფეხსაცმლით მივდივართ სახლში. გვითხრეს, რომ აქ ეს სამუშაოები დასრულდა უკვეო, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“ – ამბობს მანანა ბერიძე და გუბეებითა და ტალახით სავსე ქუჩას გაჰყურებს.
„ეს ვისი საქმეა და მთავრობის, უნდა მოვიდნენ და გაგვიკეთონ,“ – მანანა ბერიძეს არ ერიდება ღიად თქვას სათქმელი მაშინ, როცა მისი მეზობლების ნაწილი გაუსაძლისი ცხოვრების და ყოველდღიურად ტალახში სიარულის მიუხედავად, დუმილს არჩევს.
„ხალხი ვინმეს არ აინტერესებს და მაგია. სახელმწიფო ზრუნავს მისთვის, მისი კომფორტისთვის, ხალხისთვის არა. ხალხისთვის რომ ზრუნავდეს, ამ დღეში არ იქნებოდა ქვეყანა,“ – ქეთევან წამებულის ქუჩაზე კიდევ ერთ მოქალაქეს ვაჩერებთ, მერაბ მჟავანაძეს.

მერაბ მჟავანაძე
მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რატომ გართულდა ამ ქუჩაზე მდგომარეობა მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„ალბათ ვერ ასწრებენ გაკეთებას, არ არის ტექნიკა… ზედამხედველობა ყურადღებას არ აქცევს სამუშაოებს, მერიის პასუხისმგებლობის საკითხია,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს მოქალაქე და დამშვიდობებამდე დასძენს: „მერია ზრუნავს ხალხისთვის, მარა – ვითომ“.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი. 2026 წლის 20 აპრილი
„ფაქტი სახეზეა, რა პრობლემაცაა, მე რა უნდა გითხრათ?“ – შეკითხვაც აღიზიანებს მზევინარ აბაშიძეს. მოქალაქე პარკით ხელში გუბეებზე შემოვლას ცდილობს, მერე გუბეებს შორის ჩერდება და იწყებს:
„საერთოდ არ ზრუნავს მთავრობა ხალხზე… არც მერია ზრუნავს და არც „ოცნება“. „ოცნება“ ზრუნავს თავის ჯიბეებზე. ნუ მალაპარაკებ, თორე მერე მომადგებიან“, – ასრულებს მზევინარ აბაშიძე და გზას განაგრძობს.
„ვისი ბრალია ეს?“ – ვეკითხებით მოქალაქეს.
„ნამეტარი კაი მთავრობა რომ გვყავს, იმის,“ – გაღიმებას ცდილობს მზევინარ აბაშიძე.

მზევინარ აბაშიძე
მოქალაქეს ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ვახსენებთ: ეკონომიკა 10%-ით გაიზარდაო.
„ჩვენს სახელმწიფოს ხალხი არ ახსოვს საერთოდ, ადამიანს ადამიანად არ თვლის,“ – გვითხრა მოქალაქემ.

ქეთევან წამებულის ქუჩა

ქეთევან წამებულის ქუჩა
„ტაქსი არასდროს არ შემოდის ჩვენს ქუჩაზე. როცა ვიძახებ ტაქსის, სულ მეუბნებიან, რომ წამებულზე ტაქსი ვერ შემოვა.
ტრასაზე როცა გავდივართ [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა], მერე ვიძახებთ ტაქსის,“ – ეს წამებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ნატალია ჩენიავსკაიამ გვითხრა.

ნატალია ჩენიასვკაია
„2 წელია აქ ვცხოვრობ და 2 წელია პრობლემაა აქ გადაადგილება, ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ, ეტლში მყოფი ადამიანი აქ როგორ უნდა გაატარო… ახლა იმედია გააკეთებენ ამ გზებს,“ – ავტომანქანით ჩაგვიარა და ჩვენთან გასაუბრება გადაწყვიტა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გოგიტა პაქსაძემ.
„რაღაც მილია დარჩენილი, ჩამოსხმა დასჭირდა და ამიტომ შეჩერდა სამუშაო, მაგრამ მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ასე ვიცით ჩვენ… აქ არ იყო საერთოდ სანიაღვრე სისტემა, კანალიზაციაც არ იყო მოწესრიგებული და ახალი მილები გაიყვანეს,“ – გვითხრა გოგიტა პაქსაძემ.

გოგიტა პაქსაძე
როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ქეთევან წამებულის ქუჩაზე? რატომ შეჩერდა სამუშაოები? რატომ გართულდა ქუჩების მდგომარეობა ამ დასახლებაში? – კითხვებით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
განახლებული ინფორმაცია:
მასალის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე პროექტის ფარგლებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოები მოცულობითია, მოიცავს 4 მთავარი და 15 მეორეხარისხოვანი გზის რეაბილიტაციას, მათ შორის სანიაღვრე სისტემის სრულად განახლებას. პროექტის განხორციელება ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
რაც შეეხება გადაადგილებისას გამოწვეულ დისკომფორტს, რეაბილიტაციის პროცესის თანმდევია და სამუშაოების დასრულების შემდგომ სრულად აღმოიფხვრება“ – აცხადებენ მერიაში.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი






