სიახლეები

„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული

30.05.2012 • 2640
„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული

ავტორი: ნინო ყიფშიძე

მაშინ, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „ნაუკად“ წოდებული სანატორიუმი ჯერ კიდევ გადაჰყურებდა შავი ზღვის ზოლს და ციცაბო კლდის პირს ამშვენებდა, მოსახლეობა საუბრობდა იმაზე, რომ „ნაუკას“ მალე აიღებდნენ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხრეთის მიმართულებით, ახალ დასასვენებელ კომპლექსს გააშენებდნენ. გავიდა დრო. დაცარიელებული და უფუნქციოდ დარჩენილი „ნაუკა“ ნელ-ნელა ნანგრევებად იქცა, ისევე როგორც მის გარშემო გაშენებული ე.წ. „გენერლის“ ულამაზესი სახლები. წელს ზაფხულში ციხისძირში ჩასულ ტურისტებს „ნაუკას“ ნაცვლად კლდეზე სრულიად ახალი შენობის რამდენიმე სართული დახვდათ წამოჭიმული, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები გამალებული ტემპით ისევ მიმდინარეობს, რათა 2012 წლის ბოლოს ახალი შენობის ახალმა მეპატრონემ დასასვენებელი კომპლექსი გამოსაყენებლად სრულ მზადყოფნაში ჩაიბაროს.

ციხისძირში თემის რწმუნებულის ჩათვლით ყველა გეტყვით, რომ „ნაუკა“, ისევე როგორც მის მეზობლად მდებარე საბჭოთა დროს აშენებული დასასვენებელი პანსიონატი „ცისარტყელა“ და სამი აგარაკი, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, სოსო ორჯონიკიძემ შეისყიდა. თუმცა მისი გვარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ არც ერთ ქონებრივ დოკუმენტში არ ფიქსირდება. ყველა ჩამოთვლილი შენობის გარშემო არსებული მიწის მესაკუთრე შპს „ციხისძირია“, რომელიც 2010 წელს სააქციო საზოგადოება „დასასვენებელი სახლი ციხისძირის“ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

სააქციო საზოგადოება „დასასვენებელი სახლი ციხისძირი“ ქობულეთის საჯარო რეესტრში 1998 წელს დარეგისტრირდა. ხელმძღვანელი – ჯემალ დიასამიძე. 2010 წელს შპს „ციხისძირის“ სახით სუბიექტის რეორგანიზაცია მოხდა.

შპს-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის ორგანოებს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი. აქედან პირველი საზოგადოების მმართველობის უმაღლესი ორგანოა. სამეთვალყურეო საბჭო კი კონტროლს უწევს დირექტორის საქმიანობას. ამჟამინდელი დირექტორი ბათუმში დაბადებული კობა ჭანტურაიაა. ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: რომან ფუტკარაძე, გიორგი რუხაძე და რუსლან ქორიძე.

„ციხისძირის“ პარტნიორი და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100%-ის მფლობელია ავსტრიული ფირმა შპს MOSIMMOBILIA Immobiliengesellschaft. შპს „ციხისძირის“ საწესდებო კაპიტალი საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის 3 402 000 (სამმილიონ ოთხას ორი ათასი) ლარია. ავსტრიული კომპანიის დირექტორი 1957 წელს დაბადებული ჩეხეთის ქალაქ დობრისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე მიხეილ გრიგორის ძე კორობკოვია.

„ციხისძირის“ საქმიანობის საგანია: 1.სასტუმროების მშენებლობა და ტურისტული საქმიანობა; 2. დაავადებათა მკურნალობა და რეაბილიტაცია; 3. სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო საქმიანობა.

2010 წლის აპრილის მონაცემებით, „ციხისძირი“ არასასოფლო სამეურნეო ფუნქციის მქონე 11 201 კმ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ამ დროისთვის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული შპს-ს მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების (სულ ექვსი) საერთო ფართობია 1691კვ/მეტრი.

მშენებლობის წამოწყებიდან მოყოლებული „ნაუკას“ მიმდებარე მიწებზე საცხოვრებელი სახლი ხუთმა ოჯახმა დატოვა. აქედან ე.წ. `გენერლის სახლში~ მცხოვრებ ორ ოჯახს ინვესტორმა მთლიანობაში 36 ათასი დოლარი გადაუხადა (თითო ოჯახის კომპენსაცია _ 18 ათასი დოლარი). ციხისძისის თემის გამგებლის, ბადრი ვარშანიძის თქმით, დანარჩენი სამი ოჯახი ციხისძირიდან ძალიან კმაყოფილი წავიდა. მისივე თქმით, მათგან ერთ-ერთმა მიღებული კომპენსაციით ბათუმში ხუთოთახიანი ბინის ყიდვა შეძლო.

მშენებლობაზე დაახლოებით 35 ადგილობრივია დასაქმებული. თემის გამგებელი ამბობს, რომ მათ კარგი ანაზღაურება აქვთ და დღეში საშუალოდ 20-25 ლარ ჯამაგირს იღებენ, რაც თვეში 480-დან 600 ლარამდე ხელფასს გულისხმობს. ახალი ნაგებობის დაგეგმარება-მოწყობაში მონაწილეობას უცხოელი სპეციალისტებიც იღებენ. მათ შორის არიან რუსი მყვინთავები. ერთ-ერთი მოსახლის აზრით, სოსო ორჯონიკიძეს მთავარი შენობის წინ ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკიც ექნება.

საქართველოში 70-იან წლებში აქტიური პარტიული მუშაკი, სოსო ორჯონიკიძე ბორჯომში 1948 წელს დაიბადა. 80-იანი წლებიდან რუსეთში მცხოვრები, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის მთავრობაში მყოფი მოქალაქე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქართველად არის დასახელებული. მოსკოვის ვიცე-მერის თანამდებობიდან იური ლუჟკოვმა ორჯონიკიძე 2007 წელს გაათავისუფლა. იმ დროისთვის რუსული მედია აქტიურად საუბრობდა, რომ ორჯონიკიძის მიმართ კეთილგანწყობილი ლუჟკოვი მას დიდ ხანს აფარებდა ხელს და რომ რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მოსკოვის მერს მოუწია პუტინის დირექტივას დამორჩილებოდა.

ციხისძირელების თქმით, სოსო ორჯონიკიძე მშენებლობის პროცესს პერიოდულად აკვირდება. დაახლოებით ექვსი თვის წინ მასთან შეხვედრაზე ბადრი ვარშანიძეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ბატონი ვარშანიძე ამბობს, მათ ბევრი არ უსაუბრიათ.

სანერგე მეურნეობის დიდების ნაშთი
ვისაც ციხისძირში დაუსვენია ამბობს, რომ ეს არის აჭარის სანაპირო ზოლში დარჩენილი ყველაზე ველური ადგილი. აქ არის პლაჟი, სადაც ბუნგალოებიდან წამოსულ ყურისწამღებ კაკაფონიას ვერ გაიგონებთ და სადაც ზედა საცურაო საცვლის გახდისას ქალებს უსიამოვნება არ ხვდებათ.

სოსო ორჯონიკიძის ახალ შენაძენს – ყოფილ სანერგე მეურნეობას სოფელ ბუკნარის გზაზე გადაეყრებით. აქ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სანერგეს ტერიტორიაზე სულ ხუთი შენობა დგას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეურნეობას ახალი სახელი დაერქვა: შპს „მაგნოლია“. ერთ-ერთი მოზრდილი ნაგებობა სწორედ „მაგნოლიას“ ადმინისტრაციული შენობაა. მას, ისევე, როგორც მეურნეობის დანარჩენ ნაწილს, ძველი ფუნქცია არ შეუნარჩუნებია. ზაფხულობით დამსვენებლებისთვის კარი ღიაა როგორც ადმინისტრაციულ ნაწილში, ასევე იმ სახლებში, სადაც ციხისძირელები ცხოვრობენ.

მიწის მთელი ნაკვეთი და შენობები აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობას საცხოვრებელი ფართობები დაკანონებული არ აქვს. პრივატიზაციის პრობლემა ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ 11 ოჯახს აწუხებს. ფართობის საკუთარ მფლობელობაში გადატანა აქ ყველას უნდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ამის გაკეთების საშუალებას მათ ადგილობრივი მთავრობა არ აძლევს. დავით კვაჭაძე: „2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა თქვა, დაუკანონეთ ხალხს ყველა საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ სარგებლობაშია ნებისმიერი სახითო. ეს კანონი აქ არ მოქმედებს. დღესაც მაქვს შეკრული საბუთების დასტა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში კოლეგიაზე სამჯერ გაიტანეს. სამში ორი წერილი უკან მომივიდა. ვინაიდან სახლი #3 არსებული შპს „მაგნოლიას“ ტერიტორიაზე არ არსებობს, თქვენ გეთქვათ უარი პრივატიზაციაზეო. გამოდის, რომ სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, არ არსებობს“.
ციხისძირის თემის გამგებელი ბადრი ვარშანიძე ამბობს, რომ ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში მეურნეობის ტერიტორიაზე არაპრივატიზებულ ფართობებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე ოდენობის კომპენსაციით დაკმაყოფილდება, როგორსაც პრივატიზებული ბინების შემთხვევაში მიიღებდნენ.

დაახლოებით ორი თვის წინ მოსახლეობას აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და კვადრატულ მეტრში 700 დოლარის გადახდა შესთავაზეს. დავით კვაჭაძე, რომელიც 22 წელია საქართველოს რკინიგზაში მუშაობს და სამუშაოდ ბათუმში ციხისძირიდან უწევს სიარული, 40 კვ მეტრი ფართობის ბინის მფლობელია. 700 დოლარის ოდენობით ანაზღაურების შემთხვევაში მას 28 ათასი დოლარი ერგება, თანხა, რომლითაც, მისივე თქმით, ბათუმში ბინის შეძენას ვერ მოახერხებს. მას ლოგიკურად მიაჩნია, რომ ციხისძირის დატოვების შემთხვევაში ერთადერთი ადგილი, სადაც საცხოვრებლად უნდა გადავიდეს, ბათუმია.

კითხვაზე, არის თუ არა მოსახლეობის ისეთი ფულადი ანაზღაურებით დაკმაყოფილება მნიშვნელოვანი, რომელიც ადგილობრივებს საცხოვრებელ ადგილებს მატერიალური ინტერესების სასარგებლოდ დაათმობინებს, თემის გამგებელი დადებითად პასუხობს. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზი მისი გაუმჯობესება ან რამენაირი სხვა მოგება უნდა იყოს და მოსახლეობას არ უნდა მოუწიოს ინვესტორის ინტერესების გათვალისწინება. „ასეთ ადგილს იშვიათად ნახავ სადმე. აქედან წასვლა ძნელია, მაგრამ ვიცით, რომ საკურორტო ზოლი ვითარდება და უნდა შეეგუო იმას, რომ დავრჩებით წასასვლელი. ინვესტორი მოვა. სამუშაო ადგილები იქნება“, – ამბობს ბადრი ვარშანიძე, თუმცა, დასძენს, რომ ადამიანები არ გახდებიან იძულებული, საცხოვრებელი დატოვონ. „ბათუმელებთან“ მან დაადასტურა, რომ „დაძალების წესით ეს არ მოხდება“. გამგებელმა ასევე სინანული გამოთქვა იმ ადამიანების წინაშე, ვინც შედარებით მცირე მოცულობის ფართობზე ცხოვრობს და, შესაბამისად, სამომავლოდ ნაკლები თანხა ერგება.

ჯერ გაურკვეველია ციხისძირის სახელმწიფო სანერგე მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე გაშენებულ რევოლუციამდელ სახლებში მცხოვრებ რომელ მოსახლეს რა ოდენობის თანხა ერგება. თუმცა, ერთი ცხადია: ამ ადამიანებს არ უკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ კანონიერ მოთხოვნას, რაც აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას კითხვის ქვეშ აყენებს. მით უფრო, როცა ციხისძირი არ არის ერთადერთი სოფელი ქობულეთში, სადაც მოსახლეობა ამავე საკითხზე ჩივის.

ამასობაში კი ციხისძირი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური ფენების რადიკალიზაცია, როცა უკიდურესად ღარიბი და უკიდურესად მდიდარი ადამიანები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, დროებით მაინც – მორიგი ინვესტორის გამოჩენამდე. სოსო ორჯონიკიძის მშენებარე კომპლექსთან და ციხისძირის დანარჩენი მოსახლეობისგან არც თუ ისე შორს, ზაფხულობით საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფება. მისი რეზიდენცია ციხისძირის თემში შემავალ სოფელ სტალინის უბანში მდებარეობს და არა სოფელ ბობოყვათში, როგორც ამას ხშირად შეცდომით აღნიშნავენ. თემის გამგებელი ამბობს, რომ სტალინის უბანს სახელწოდებას მალე შეუცვლიან.

 

გადაბეჭდვის წესი