მთავარი,სიახლეები

გასულ წელს 24 პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებსა და კლინიკებში – სახალხო დამცველი

01.04.2026
გასულ წელს 24 პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებსა და კლინიკებში – სახალხო დამცველი

„2025 წელს,პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

428-გვერდიან ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეთმობა სიცოცხლის უფლებას. სწორედ ამ თავშია საუბარი პატიმრების გარდაცვალების შემთხვევებსა და მათზე დაწყებულ გამოძიებაზე.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა. ერთ საქმეზე კი, პროკურატურამ პირი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

„სასამართლო ექსპერტიზა ყველა საქმეზე დაინიშნა, თუმცა საყურადღებოა, რომ 16 საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა (15 შემთხვევაში ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა) კვლავ არ არის მიღებული, რაც სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების ხელშემშლელი გარემოებაა.

აქვე, ინფორმაციისთვის წარმოვადგენთ პენიტენციურ სისტემაში 2020-2025 წლებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელს, მათ შორის, სუიციდის შემთხვევებს. უარყოფითი დინამიკა, სამწუხაროდ, მცირედად მზარდია.

კერძოდ, 2020 წელს სულ გარდაიცვალა 15 პატიმარი, აქედან 5 იყო სუიციდის შემთხვევა. 2021 წელს დაფიქსირდა 20 პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა, აქედან 3 იყო სუიციდი. ანალოგიური მაჩვენებელი შემდეგ წლებში ასე გამოიყურება: 2022 წელს -21/4, 2023 – 14/2, 2024 – 24/4, 2025 – 24/2“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა წლების მიხედვით

ანგარიშში სახალხო დამცველი ექსპერტიზის გაჭიანურების სხვა შემთხვევების შესახებაც წერს.

ირკვევა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სახალხო დამცველის აპარატს აღარ პასუხობს კითხვებზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება ექსპერტიზის პასუხები სხვადასხვა საქმეზე.

„გარდა ბრალდებულების/მსჯავრდებულების გარდაცვალების შემთხვევებისა, ექსპერტიზის გაჭიანურების პრობლემა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი სხვა საქმეების ანალიზის საფუძველზეც გამოიკვეთა. აპარატის დაკვირვებით, ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე არ კარგავს აქტუალურობას, მათ შორის, სიცოცხლის უფლების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ჭრილში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში შესწავლილ 3 შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების საკითხი, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა.

კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას, მისი დანიშვნიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც კი არ მიუღია.

გარდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებისა, აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა, 18 თვის გასვლის მიუხედავად, დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა კვლავ არ არის მიღებული.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თუკი გასულ წლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სახალხო დამცველის აპარატს აწვდიდა ინფორმაციას ექსპერტიზის გაჭიანურების მიზეზების შესახებ, უკანასკნელ პერიოდში ექსპერტიზის ბიურო აპარატს შეკითხვებზე, კერძოდ, იმაზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება დანიშნული ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის დამკვეთისთვის (გამოძიება) გადაცემა, პასუხს აღარ სცემს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: