კრემლი არ აკეთებს კომენტარს ქუვეითური გამოცემა Al Jarida-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანის ახალი ლიდერი მოსკოვში მკურნალობს.
გუშინ ქუვეითურმა გამოცემა Al Jarida-მ, ირანის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი 12 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ გადაიყვანეს მოსკოვში.
სავარაუდოდ, ხამენეის მოსკოვში „წარმატებული ოპერაცია“ ჩაუტარეს რუსმა და ირანელმა ექიმებმა ერთობლივად და ამჟამად მკურნალობას აგრძელებს კერძო კლინიკაში, რომელიც პუტინის ერთ-ერთ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ფუნქციონირებს.
Al Jarida-ს“ წყარო ამტკიცებს, რომ პუტინმა პირადად შესთავაზა მოჯთაბა ხამენეის რუსეთში მკურნალობა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, როცა მასთან ამ საკითხს განიხილავდა.
დღეს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უარი თქვა Al Jarida-ს რეპორტაჟზე კომენტარის გაკეთებაზე. „ჩვენ ასეთ რეპორტაჟებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – თქვა მან.
12 მარტს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, მაგრამ „თავს კარგად გრძნობს“. მანამდე ისრაელის Channel 12-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხამენეი ფეხში დაიჭრა საჰაერო დარტყმის შემდეგ, „როცა მისი მოკვლა სცადეს“.






