მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია.


ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს.
გასულ წლებში ამ ადგილზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობას გეგმავდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 33 ათას 898 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა პროექტი გააჩერეს, ხოლო ქონება საკუთრებაში დაუბრუნეს ბათუმის მუნიციპალიტეტს.
გარდა ამისა, მერიამ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას დაამატა კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს.