დღეს, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოთხოვნით დახურეს სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა.
მანამდე სხდომა დაატოვებინეს მის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც, რომლის სტატუსი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული არ არის.
ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას თქმით, მას სუს-ში ცოლის დაკავებით ემუქრებოდნენ, თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდნენ.
„რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? იმიტომ, რომ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ, ვინ არის და არ არის დამნაშავე? ანის გაძევებაც ვერ გავიგე. ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სტატუსი.ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუს-ის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო. დროს მაძლევდნენ თან — 10 წუთი, 15 წუთი, გესმით?
და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება?!
უნდა მეთქვა თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები. არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არია ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი — ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?“, — განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე – მის ციტატას „ტვ პირველი“ აქვეყნებს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მეია მელქაძემ გამოაცხადა.
ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს დააკავეს. „ოცნება“ მას 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ მოიაზრებს.
გუშინ, 26 დეკემბერს, პროკურატურამ ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ბაჩო ახალიას ბრალს დებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:






