მთავარი,სიახლეები

38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე

25.11.2025
38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე

ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების  მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე საათში საშუალოდ 400-500 ავტომანქანა გადაადგილდება. ქუჩის სავალი ნაწილის გასწვრივ არსებული საფეხმავლო ტროტუარის სიგანე 1,8 მეტრია. ქუჩის საპირისპირო მხარეს არსებული საფეხმავლო ტროტუარის სიგანე კი – 2,6 მეტრი.

განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაშია წარდგენილი, მშენებელი აქ არსებული შენობების დემონტაჟს და  132 მეტრი სიმაღლის 38-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ამ მასშტაბის მშენებლობის ნებართვის მისაღებად  კომპანიას ამ ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება დადგენილი 3.5- დან 17.0-მდე. კოეფიციენტის კ2-ის სიდიდის ცვლილება/გაზრდა დადგენილი 3,5-დან 17,0-მდე.

პროექტის რენდერი

იმავე დოკუმენტის მიხედვით, შენობაში 693 საცხოვრებელი ბინა და 1860 კვ.მეტრი საზოგადოებრივი ფართობი განთავსდება.

პარკინგის ადგილების პრობლემაზე ბათუმის ახალი მერი წუხს. წინაც წუხდა და იმის წინაც, თუმცა ეს მერიას ხელს არ უშლის მრავალბინიანი კორპუსების პროექტების ნებართვები დაამტკიცოს, პარკინგის არაპროპორციული ადგილებით.

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაში შპს „დურსუნმა“ წარადგინა, 38-სართულიან მასშტაბურ კორპუსს 140 ავტომანქანის ადგილი ექნება. მათ შორის: დახურული მიწისქვეშა 37 ავტოსადგომი, დახურული მიწისზედა 78 ავტოსადგომი და ღია მიწისზედა 25 ავტოსადგომი.

შპს „დურსუნი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ას პროცენტს თენგიზ ვერძაძე ფლობს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: