ბათუმის მერია 2025 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაპაუზების მიზეზად სატრანსპორტო კოლაფსს ისე ასახელებს, თითქოს თავად არ არის კავშირში ქალაქის ამ გამოწვევასთან.
მერიის ლოგიკით, გამოდის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში „საიდანღაც გაჩნდა“ და მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უშლის ხელს.
სატრანსპორტო კოლაფსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, მერიის მიერ ნებართვაგაცემული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეები ასახელებდნენ.
მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ თუ მერია უპარკინგო, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გააგრძელებდა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მწვავედ დადგებოდა დღის წესრიგში, სწორედ სატრანსპორტო კოლაფსი იქნებოდა.
ასეც მოხდა.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საცობი ბათუმში წლის ნებისმიერ სეზონზე პრობლემაა, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად კი ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში.
მიმდინარე წელს ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა შეაჩერეს. ბათუმის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ამ პროექტის შესრულება ხარჯვით ნაწილში 0 პროცენტი იყო.
სამ კვარტალში აუთვისებელი დარჩა 1 მილიონ 621 900 ლარი.
მერიის განმარტებით, საპროექტო ტერიტორია ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, სადაც ტურისტული სეზონის დროს ძალიან გადატვირთული იყო საავტომობილო მოძრაობა, გზის მშენებლობის სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე კი აუცილებელი იყო ქუჩის გადაკეტვა. ამიტომაც მერიამ პროექტის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდებოდა, საავტომობილო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, სამმართველომ, მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოების მეოთხე კვარტალში გადატანა. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვერ განხორცილელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება“ – განმარტავს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო.
ეს პროექტი ბათუმის მერიამ 2024 წელს დაიწყო და 2025 წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგან სამუშაოები მეოთხე კვარტალში გადაიტანეს, დიდი ალბათობით, 2025 წელს პროექტის დასრულება ვერ მოხერხდება.
მერიამ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ვერც ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა- მონტაჟი მოახერხა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტურისტული სეზონი და სატრანსპორტო მოძრაობით ქუჩების შესაძლო გადატვირთვა იყო:
„ვინაიდან ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია და აღნიშნული სამუშაოების წარმოება გამოიწვევდა საავტომობილო მოძრაობის გადატვირთვას და დისკომფორტს შეუქმნიდა როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ვიზიტორებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული სამუშაოების დაწყება განხორციელდეს მეოთხე კვარტალში“ – განმარტავს მერია.
წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაიწყო მაჭახელას ქუჩის კეთილმოწყობაც, შესაბამისად პროექტისთვის გათვალისწინებული 1 მილიონ 084 100 ლარიდან სამ კვარტალში ერთი თეთრიც არ არის ათვისებული.
მერია განმარტავს:
„ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების წარმოება იგეგმებოდა მესამე კვარტალში და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე დაგეგმილი იყო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, აღნიშნულ ლოკაციაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა იმ მოტივით, რომ არ გააჩნდათ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა, სამუშაოს მწარმოებელ კომპანიას არ მისცეს გზის გადაკეტვის საშუალება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ მოქალაქეებთან მოლაპარაკების შედეგად სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა მეოთხე კვარტალში“.
მერიამ დათქმულ ვადაში ვერც ახალი ქუჩების მოწყობის პროექტი დაიწყო.
მაგალითად:
ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, წინასწარ გაწერილი გრაფიკით ვერ დაიწყო ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტში 1 მილიონ 317 508 ლარი იყო გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ამის მიზეზი კი კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებია:
„…აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება“.
ცხადია, მერიას თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვა დასჭირდებოდა, თუმცა ბიუჯეტი ამის მიხედვით არ დაუგეგმავს და პროექტის დასაწყებად ბიუჯეტში თანხა თავიდანვე არასწორად გაწერეს.
მერიამ იმავე მიზეზით ვერც შალვა ინასარიძის ქუჩისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში 2 მილიონ 376 816 ლარი ჰქონდათ ბიუჯეტში გათვალისწინებული.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N35-დან ადლიის ქუჩის პარალელურად, ადლიის ქ. N76-მდე სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტის მხოლოდ 29 პროცენტი შესრულდა.
მერია განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოწოდების ვადის დარღვევის და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შემსრულებელ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო და შესაბამისად, ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება.
მერიამ ვერც სოციალური სახლის მშენებლობა ვერ დაიწყო.
მერია ანგარიშში განმარტავს, რომ შესაბამისი პარამეტრების მქონე ტერიტორიის მოძიებაში დიდი დრო დაკარგა. გარდა ამისა, მერია განცხადებების რაოდენობის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას:
„დაწყებული იქნა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული შესაბამისი პარამეტრების მქონე ტერიტორიის მოძიება, რასაც დასჭირდა გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, სოციალურ სახლში საცხოვრისის მისაღებად გაიზარდა ბენეფიციართა განცხადებების რაოდენობა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის მისაღებად მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისობის მიზნით, განცხადებების სათანადოდ შესწავლას და კვლევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მთლიანი კონცეფციის ცვლილება, რაც გამოიხატა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შესაბამისი პარამეტრების ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაში, ბაზრის კვლევაში და სატენდერო პირობების შემუშავებაში. ზემოჩამოთვლილ ქმედებებს, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასჭირდა წლის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი პერიოდი, რის გამოც ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება.“
ამ ანგარიშის მიხედვით არც ის ირკვევა, საბოლოოდ იპოვა თუ არა მერიამ ადგილი სოციალური სახლის მშენებლობის დასაგეგმად.






