სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს.

ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს შეიტანა.

შესაბამის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული წესის ახალი და ძველი მუხლები:

ახალი: „მუხლი 9. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია, საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით. სამსახურის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადაცემული ქონება შესაძლებელია, გადაეცეს მოსამსახურეს საკუთრებაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე“.

ძველი: „მუხლი 9. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.“

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით კი სუს-ში მთელ რიგ თანამდებობებზე პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა ხელფასები. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც.

ვრცლად ამ თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version