მთავარი,სიახლეები

ვინ აანონსებს „ზედმეტი ახალგაზრდების“ ემიგრაციაში გაშვებას და რამდენად გამოუვათ – ინტერვიუ

27.09.2025
ვინ აანონსებს „ზედმეტი ახალგაზრდების“ ემიგრაციაში გაშვებას და რამდენად გამოუვათ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ.

„საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -– „ბათუმელები“ ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს აზა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“

  • აზა,  რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საკმარისი დასაქმების ადგილებს „ოცნება“ ვერ შექმნიდა საქართველოში და ვისაც დასაქმება გინდათ, სხვა ქვეყანაში წადითო. ფაქტობრივად, მან საქართველოს მოქალაქეებს მაშინ ემიგრაციისკენ მოუწოდა. დღეს კი, მისი პროპაგანდისტი პოლიტიკური ემიგრაციისკენ მოუწოდებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. როგორ ფიქრობთ, ასრულდება რუსული ოცნება ამ ქვეყანაში?

ცხადია, შათირიშვილიც და ყველა ის „მოაზროვნე“, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ პოლიტიკოსი, ვინც „ქართული ოცნების“ კარზე მუშაობს, მუშაობენ რუსეთის, კრემლის და პუტინის პირად პროპაგანდისტებად, საქართველოში იმ პოლიტიკის გატარება სურთ, რაც გაატარეს რუსეთში – არ დატოვეს მოაზროვნე ადამიანი ქვეყანაში და გაქცეულია ყველა. დაცლილია რუსეთი მოაზროვნე ადამიანებისგან.

იგივე გეგმა, იგივე სცენარია საქართველოშიც. უნდათ, რომ საქართველო დატოვონ მოაზროვნე, ინტელექტუალური და ქვეყნის პატრიოტი ადამიანების გარეშე. ცხადია, მათი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ეგრეთ წოდებულები „ჯენზი“ და მათი ქვეყნიდან გაშვებაზე არიან მობილიზებულები – მათში ხედავენ ძალას, რომელიც ვერ გააჩერეს.

უნდათ, რომ ახალგაზრდებისგან, მოაზროვნე ადამიანებისგან დაცალონ ქვეყანა, ამის შემდეგ არ ეყოლებათ ველზე ადამიანი, რომელიც მათ გააკრიტიკებს, მათ პროპაგანდას წინ აღუდგება, ქუჩაში გამოვა და იქნება პროტესტში ჩართული.

ერთი ნაწილი ამ საზოგადოების ციხეებში გამოკეტეს, ნაწილი, რომელიც დარჩა ქვეყანაში, უნდათ, რომ წავიდნენ. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა მართლა დატოვა ქვეყანა.

  • როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა ქვეყნის დაცლა პროგრესული საზოგადოებისგან, თუ ახლა მუშაობს ამ მიზნის განხორციელებაზე, როცა მის რეჟიმს შეხვდა დიდი წინააღმდეგობა?

ივანიშვილი იმასაც ამბობდა, ევროპის კარი არ უნდა გაგვეღო, რადგან ადამიანებმა კარგი ცხოვრება დაინახეს და მეტი მოუნდათო.

რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა ნახონ კარგი ცხოვრება, ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ევროპული განათლება მაღალი დონის სასწავლებლებში, მაგრამ ივანიშვილს განათლებული, ერუდირებული ადამიანები არ სჭირდება – განათლებული, ინტელექტუალური ადამიანი არ შეეგუება სიბნელეს, არ შეეგუება რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნას, არ შეეგუება იმ ყოფას, იმ რეჟიმს, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად, ის ყველანაირად აღუდგება იმას, რომ ადამიანებმა კარგი განათლება მიიღონ და იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით. მისი მიზანია გაანეიტრალოს საზოგადოება, რომ აღარავინ დარჩეს წინააღმდეგობაში.

  • წინა საუკუნეში ბოლშევიკებმა გაანადგურეს ქართული საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი. ზოგი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტეს, დღეს რამდენად გაუძლებს ამ წნეხს ქართული საზოგადოება, როგორ ფიქრობთ?

როცა ვლაპარაკობთ წარსულზე, იმაზე, რომ მაშინ ვერ მოერიენ ქართველები ამ სიბოროტეს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათგან განსხვავებით დღეს ჩვენ სხვა მოცემულობაში ვართ. ციფრულ საუკუნეში ვცხოვრობთ და მთლად ჩალით არ არის დახურული სამყარო. ჩვენც შეგვიძლია ინფორმაცია გავიტანოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეგვიძლია ჩავიდეთ დასავლეთში, კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სთან, ევროპასთან და ასე შემდეგ. ვესაუბროთ მათ, მოვითხოვოთ მათგან მხარდაჭერა და გავაგებინოთ მთელ სამყაროს, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის ადამიანები არ უნდა დაგვტოვონ სიბოროტის პირისპირ მარტო.

საუკუნის წინ ამის საშუალება არ იყო, ვაკუუმში იყვნენ ადამიანები მოქცეულნი. დღეს სხვა რეალობაა. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ტყუილები მიაწოდოს თავის ამომრჩეველს, ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ „ოცნებას“ ყველანაირი დიპლომატიური გზა ჩაკეტილი აქვს, იზოლაციაში არიან, მათ ზურგი აქცია ყველამ. შესაბამისად, ეს არ ჩაივლის ურიგოდ.

შეიძლება რაღაც პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დასასრული უკვე დაწყებულია. მგონია, რომ სწორედაც, „ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს საინფორმაციო ველი, მათ წინააღმდეგ მუშაობს განათლება, მათ წინააღმდეგ მუშაობს სიმართლე, რომელიც არის ქართველი ხალხის მხარეს.

  • შათირიშვილის პროპაგანდა ამბობს, რომ იანვრის შემდეგ თითქოს „ბევრი ახალგაზრდა შეიპყრო უიმედობამ“, ანუ გამარჯვების რწმენა დაკარგა. რამდენად გამოუვათ დათესონ ეს ნიჰილიზმი?

ცდილობენ, გატეხონ საზოგადოება, ჩააგდონ ნიჰილიზმში, უიმედობაში, რადგან ბევრი ადამიანი მართლაც გაქრა საპროტესტო აქციებიდან – მეტ-ნაკლებად იმუშავა „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ.

ბიძინა ივანიშვილს და მის პროპაგანდისტებს ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა მათია. ჰგონიათ, რომ მათ საკუთარ ფერმაში, ბაღში ან ბოსტანში ვცხოვრობთ და უნდათ, გაგვიშვებენ, უნდათ – არა.

ივანიშვილს აქვს განცდა, რომ მთელი საქართველო მისი საკუთრებაა. ამიტომაც თხრიდა ხეებს და გადაჰქონდა ერთი კუთხიდან მეორეში. დენდროლოგიური პარკი ჰგონია მთელი საქართველო, მოქალაქეები კი – მისი ხელქვეითები, კარისკაცები და მისი მარიონეტები.

  • პრინციპში, არ მახსენდება პრეცედენტი, როცა ხელისუფლება ხალხისგან ქვეყნის დაცლას ცდილობდა. ხალხი თუ არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს, ხომ? ქართული სახელმწიფოს იდეას ებრძვის ივანიშვილი?

ჩვენ ვხედავთ როგორი კორუფციაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, თვითონ არიან მილიონერები, მილიარდელებიც ალბათ, ამ უკანონო ფულის შოვნით და მოსახლეობას აღარიბებენ.

ამიტომ ივანიშვილი ბოლომდე შეეცდება ქვეყანაში დაამყაროს ავტოკრატია და დიქტატურა. ის შესულია ბრძოლაში, რომელშიც დასახევი გზა არ აქვს. ან დამარცხდება, ან ბოლომდე გაატარებს ამ რეჟიმს.

  • სად არის ეს „ბოლომდე“, კიდევ რაზეა წამსვლელი?

ალბათ კრემლის სცენარში უწერიათ ეს ნაბიჯები, რაც უნდა გააკეთონ. ის ხომ ერთი-ერთში იმეორებს ყველაფერს.

ბოლო ნაბიჯი მისთვის იქნება ის, რომ გაავსოს ციხეები პოლიტპატიმრებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებით.

გაანეიტრალოს ყველა პარტიის ლიდერი და ჩასვას ციხეში, რომ არავინ დარჩეს გარეთ, ვინც წინ წაუძღვება ადამიანთა ჯგუფს. შემდეგი ნაბიჯი შიძლება იყოს პროფესორების, ლექტორ-მასწავლებლების დაჭერა. ნინო დათაშვილი ხომ ჰყავთ ციხეში. მზია ამაღლობელიც იმიტომ ჰყავთ ციხეში, რომ ამით ამბობენ – „აი, ხმას თუ ამოიღებთ, ჩვენ წინააღმდეგ წახვალთ, ყველას დაგიჭერთ და გამოგკეტავთ“.

ძალიან ბევრი ადამიანი დატოვეს უმუშევარი, დააყადაღეს ანგარიშები, უამრავი ჯარიმა გამოწერეს… არა მგონია, სიკვდილით დასჯა შემოიღონ და ამაზეც წავიდნენ, მაგრამ სხვა ყველაფერი გააკეთეს რეპრესიების სახით.

ამიტომ, გამოსავალი არის საყოველთაო ჯანყი და მე ეს არაერთხელ მითქვამს.

გამოსავალია ის, რომ ყველა გამოვიდეთ ქუჩაში და დავუპირისპირდეთ ამ რეჟიმს. სხვანაირად ისინი არ გაჩერდებიან და სხვა გზა ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო მივეცით „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ გონს მოგებულიყვნენ, რაღაც გაეაზრებინათ და მშვიდად წასულიყვნენ. მთელი ამ 305 დღის განმავლობაში, ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, მშვიდობიანად და წყნარად მივყვებით ამ პროცესებს, მაგრამ თუ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში სხვა გამოსავალი, მაშინ ზუსტად იგივენაირად ვუპასუხებთ, რა ფორმითაც ისინი გვებრძვიან.

როცა „ოცნება“ წავა, ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად და ქვეყანა აირჩევს ახალ, მრავალპარტიულ პარლამენტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.