2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოცდილი და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, არჩევნებს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს „ბათუმელებთან“, ამ სქემას საერთაშორისო დონეზე კარგად იცნობენ, როგორც „ყალბ დაკვირვებას“.

„ყველა არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ხოლმე სადამკვირვებლო ორგანიზაციებად. ამ ფენომენს საერთაშორისო დონეზე მოიხსენებენ ასე – „ყალბი დამკვირვებლები“. ეს გავრცელებული მოვლენაა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო – არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლება დააკვირდნენ არჩევნებს და შექმნან ილუზია იმისა, რომ რეალურად ადგილი აქვს არჩევნებზე დაკვირვებას.

შეიძლება ანგარიშებიც გამოაქვეყნონ ხოლმე, რომელიც, როგორც წესი, დადებითია,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

არჩევნების ექსპერტების შეფასებით, „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ რეალური, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდეს. ამიტომაც, 2025 წლის არჩევნებს არ დააკვირდებიან გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები:

31-წლიანი არსებობის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველად არ აკვირდება არჩევნებს. 4 ოქტომბრის არჩევნებს არც „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება – ეს ორგანიზაცია 1995 წლიდან ყველა არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში.

4 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში არც ეუთო/ოდირი დააკვირდება. ეს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება არჩევნებს. ეუთო/ოდირი საქართველოში მუდმივად აკვირდებოდა არჩევნებს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა და ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ კი, ეუთო/ოდირი მოიწვია იმ დროს, როცა ამ ორგანიზაციის არჩევნებზე დაკვირვების მომზადების პერიოდი უკვე გასული იყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე:

„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს“ – ვკითხულობთ საიას მიერ 2025 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით კი, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას,“ – აღნიშნული იყო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს კუთხით არაფერი გაუმჯობესებულა. ამიტომაც, „სამართლიანი არჩევნები“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ტრადიციული მეთოდით დაკვირვებას არ გეგმავს.

ლევან ნატროშვილს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს ვკითხეთ – რას ნიშნავს არჩევნები დამკვირვებლის გარეშე?

„ამ არჩევნებზე არ იქნებიან არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეპუტაცია, ვის სიტყვას და პროფესიონალიზმს ენდობიან. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ჩრდილს მიაყენებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ არჩევნებს.

იმ ქვეყნებზე, სადაც არ არის მაღალი ხარისხის დემოკრატია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებზე დაკვირვების კომპონენტი, ვინაიდან საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც დემოკრატია უკვე ჩამოყალიბებულია და ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ მაღალია,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი.

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილის ვკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან საქართველოში: რა გამოცდილება აქვთ ამ ორგანიზაციებს და როგორია მათი ნდობის მაჩვენებელი?

„როგორც წესი, საერთაშორისო დამკვირვებლებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა ხოლმე. ერთია პროფესიონალი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიც არის ეუთო/ოდირი, NDI-ის, IRI-ს მისიები და სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაცია. ეს არის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და მათ შეუძლიათ სრულყოფილად შეაფასონ პროცესები.

ჩვენებიც მიდიან ხოლმე, ქართველები, სხვა ქვეყნებში, ანუ ცესკოს წევრები. აქ ძირითადად იგულისხმება ის, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიებიდან, ან იმ უწყებებიდან, რომლებიც არიან არჩევნებთან რაიმე კავშირში. მათ დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მაგრამ მათი საქმიანობა არ არის ხოლმე არჩევნებზე დაკვირვება, როგორც, მაგალითად, ეუთო/ოდირის შემთხვევაშია. ისინი არც აფასებენ პროცესს, ანგარიშს არ წერენ. ამიტომაც, ვერ აღიქმებიან საერთაშორისო დამკვირვებლებად.

შესაბამისად, მათი არსებობა პრობლემას ვერ ხსნის,“ – გვითხრა ლევან ნატროშვილმა ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ.

რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, ცესკოში 22-მა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია დაკვირვებაზე. ლევან ნატროშვილი გვიყვება, რაში სჭირდება ეს ორგანიზაციები რეალურად „ქართულ ოცნებას“:

„ეს ორგანიზაციები რეგისტრირდებიან იმისთვის, რომ პარტიებმა გამოიყენონ ხოლმე მათი კვოტები საარჩევნო კომისიებში, როგორც დამკვირვებლების კვოტები. ზოგიერთ ორგანიზაციას ჰყავს რამდენიმე ათასი დამკვირვებელი რეგისტრირებული და ვიცით, რომ ეს ადამიანები, ვინც მათ სახელით რეგისტრირდებიან დამკვირვებლად, რეალურად პარტიებთან დაკავშირებული პირები არიან. დიდი მასშტაბით, როგორც წესი, გამოირჩევა მმართველი პარტია. ესაა ხრიკი, რომ სხვა ორგანიზაციის სახელით საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს აფორმებენ ხოლმე, რომ მისი მეტი წარმომადგენელი იყოს უბანზე.

ასევე, ეს ჯგუფები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საქმიანობაში ხელი შეუშალონ. ასეთებიც არიან ამ არჩევნებზეც დარეგისტრირებულნი, თან საკმაოდ ბევრნი,“ – გვითხრა ლევან ნატროშვილმა.

25 სექტემბრის მონაცემებით[ცესკო], 4 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში 26 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება:

  1. Association „ALTERFACT
  2. „იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC)
  3. „ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო“
  4. „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო“
  5. „მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
  6. „ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE)
  7. „მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
  8. „ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  9. „სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“
  10. „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  11. „ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“
  12. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  13. „ფიჯის საარჩევნო ოფისი“ (FEO)
  14. „უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი“
  15. „სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი“
  16. „სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  17. „ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
  18. „ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
  19. „ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  20. „გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია“
  21. „მალაიზიის საარჩევნო კომისია (ECM)“
  22. „მეხიკო სითის საარჩევნო ინსტიტუტი (IECM)“
  23. „მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი“
  24. „უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  25. „ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კიმისია“
  26. „შვეიცარიის საელჩო საქართველოში“

4 ოქტომბრის არჩევნებს 22 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება:

  1. ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“
  2. ა(ა)იპ „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი
  3. ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
  4. ა(ა)იპ „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
  5. ა(ა)იპ „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
  6. ა(ა)იპ „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“
  7. ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“
  8. ა(ა)იპ „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“
  9. ა(ა)იპ „ასოციაცია თავისუფალი თაობა“
  10. ა(ა)იპ „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“
  11. ა(ა)იპ „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“
  12. ა(ა)იპ „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის“
  13. ა(ა)იპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“
  14. ა(ა)იპ „მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროფესიონალი“
  15. ა(ა)იპ „დემოკრატიული მრავალფეროვნების კვლევის ცენტრი“
  16. ა(ა)იპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“
  17. ა(ა)იპ „საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის“
  18. ა(ა)იპ „წინ-სვლა“
  19. ა(ა)იპ „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“
  20. ა(ა)იპ „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება“
  21. ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“
  22. ა(ა)იპ „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი“

არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს 8 ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“ .

ოპოზიციიდან არჩევნებში მონაწილეობას იღებს „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“.

4 ოქტომბრისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 051 საარჩევნო უბანი 84 საარჩევნო ოლქში გაიხსნება. აქედან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული იქნება, ხოლო 767 უბანზე, ძველი წესით გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 ქალაქის საკრებულოს 2 058 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2025 წლის 4 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 3 476 140 – ია.

ამავე თემაზე:

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

 

 

 

 

Exit mobile version